logo
ENG



პირველი არხის ყოფილ ჟურნალისტს მოსკოვში დაუსწრებლად 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

04 ოქტ 202314:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/04/21zi9v7t00ey4bb.jpg

მოსკოვის სასამართლომ პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს მარინა ოვსიანიკოვას დაუსწრებლად 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ოვსიანიკოვა რუსული არმიის შესახებ "ფეიკების" გავრცელებაში ცნო დამნაშავედ. პროკურატურა ჟურნალისტისთვის 9,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვდა.

მარინა ოვსიანიკოვამ პოპულარობა 2022 წლის მარტში მოიპოვა, როდესაც პირველი არხის ეთერში ანტისაომარი პლაკატით გამოჩნდა. აქციის შემდეგ მან სამსახური დატოვა, რუსეთიდან წავიდა და რამდენიმე თვე გერმანიაში მუშაობდა. მოგვიანებით, ის მოსკოვში დაბრუნდა და ანტისაომარ აქციებში იღებდა მონაწილეობას. არმიის "დისკრედიტაციის" მუხლით ის სამჯერ დააჯარიმეს.

2022 წლის აგვისტოში ოვსიანიკოვას წინააღმდეგ რუსული არმიის შესახებ "ფეიკებისთვის" სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მიზეზი გახდა ერთკაციანი პიკეტი, სადაც ის გავიდა პლაკატით "პუტინი - მკვლელია. მისი ჯარისკაცები - ფაშისტები. 352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდეთ?".

ოვსიანიკოვა შინაპატიმრობაში გაუშვეს, საიდანაც თავის ქალიშვილთან ერთად გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ის პარიზში იმყოფება.


close დახურვა