მსოფლიოში დღეს პირველი მაისი ხალხმრავალი მსვლელობების გარეშე აღნიშნეს. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვების მიუხედავად დემონსტრანტები მაინც გამოვიდნენ სტამბოლის, ათენის, პარიზისა და ვენის ქუჩებში. მათი მთავარი მოთხოვნა მთავრობებისადმი საკარანტინო ზომების გაუქმება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და სამსახურების გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა იყო. ტრადიციული აღლუმების გარეშე ჩაიარა დღემ რუსეთში, სადაც ერთ დღეში კოვიდ 19-ის 8 ათასამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფექცია აღმოაჩნდა ქვეყნის პრემიერსაც.
პირველი მაისისადმი მიძღვნილი საპროტესტო მსვლელობა სტამბოლში არ შედგა. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და დემონსტრაციების აკრძალვის მიუხედავად დღეს დემონსტრანტებმა ტაქსიმის მოედანზე შეკრება სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა და 15 ადამიანი დააკავა. მათ შორის პროფკავშირების ლიდერებიც არიან. ისინი მხარდამჭერებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში ავტობუსებით წაიყვანეს.
აქციის ჩატარების უფლება საკარანტინო ზომების გამო არ მისცეს მშრომელთა უფლება- დამცველებს პარიზშიც. რესპუბლიკის მოედანზე მცირერიცხოვანი მიტინგი პოლიციამ დაშალა და ერთი დემონსტრანტი დააკავა. ქალაქის დანარჩენი უბნები დღეს უჩვეულოდ ცარიელი იყო, განსხვავებით გასული წლისგან, როდესაც მთელი პარიზის ცენტრი მოძრაობა ყვითელი ჟილეტების მასშტაბურმა აქციებმა მოიცვა. დღევანდელი დღე უჩვეულო იყო პრეზიდენტ მაკრონისთვისაც, რომელმაც მოსახლეობას ტვიტერის ქსელიდან მიმართა.
„დღევანდელი პირველი მაისი განსხვავებულია. ამ დღეს ტრადიციული მსვლელობების გარეშე აღნიშვნით ვაცნობიერებთ რა არის ღირებული. მაგრამ კვლავ ვიზეიმებთ პირველ მაისს, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს არეულობები. მაგრამ ესეც ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ისევ ზეიმით აღვნიშნავთ პირველ მაისს, რადგან ჩვენ ერთად დავძლევთ ამ განსაცდელს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
კორონავირუსის პანდემიის გამო დემონსტრაციების ჩატარება აკრძალული იყო ვენაშიც. თუმცა მოსახლეობის ნაწილი კანონს არ დაემორჩილა და მშრომელთა დღისადმი მიძღვნილი მიტინგი შეზღუდვების გასაპროტესტებლად გამოიყენა.
უჩვეულო აქცია გამართეს შვეიცარიელებმა. მათ მიტინგის მოწყობაზე უარი თქვეს. მაგრამ ხელისუფლების მეირ დაწესებული შეზღუდვები საკუთარი სახლის აივნებიდან გააპროტესტეს.
შუმი
დისტანციის წესების დაცვით აღნიშნეს მშრომელთა დღე გერმანიასა და საბერძნეთშიც. მიუნხენშიც და ათენშიც, მიტინგი დისტანციის წესების სრული დაცვით ჩატარდა. აქციის მონაწილეები საკარანტინო ზომების გასაპროტესტებლად დემონსტრაციაზე ნიღბებით და ხელთათმანებით მივიდნენ.
საზეიმო ღონისძიებების გარეშე ჩაიარა დღემ მოსკოვში. კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთის პროფკავშირებმა ტრადიციული საპირველმაისო აღლუმი გააუქმეს. მსვლელობის მოწყობაზე უარი თქვეს კომუნისტებმაც და მშრომელთა დღე ვიდეო კონფერენციით აღნიშნეს. რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ის ახალი 7 ათას 933 შემთხვევა დადასტურდა, რაც ერთი დღეისთვის რეკორდული მაჩვენებელია. თვითიზოლაციაშია ქვეყნის პრემიერი, რომელმაც პირადად აცნობა ვლადიმერ პუტინს, რომ კოვიდ 19-თ დაინფიცირდა.