პროკურატურის ინფორმაციით, პირს, რომელმაც რუსთავში ავტომანქანით არასრულწლოვანი გოგო გაიტანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ავტოავარიის შედეგად არასრულწლოვანი გოგო ადგილზე გარდაიცვალა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 22:45 საათზე, ქ. რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა გ.დ.-მ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა და თავისივე სამოძრაო ზოლში შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ე.ბ.-ს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გ.დ.-მ არ გააჩერა ავტომობილი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად) დღეს, 1 ოქტომბერს წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულ გ.დ.-ს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.