logo
ENG



პიტერ სტანო: EU საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს

01 აგვ 202423:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/01/zdxrxz4ztr11stt.jpg

ევროკავშირის საგარეო სამსახურის სპიკერმა პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან ინტერვიუში თქვა, რომ "უცხოური გავლენის" კანონის ძალაში შესვლის ფონზე ევროკავშირი საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს.

პიტერ სტანომ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური "სერიოზულად შეშფოთებული რჩება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით" და კვლავ გაიმეორა, რომ კანონის ძალაში შესვლა ევროინტეგრაციის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

ამ კონტექსტში პიტერ სტანომ გაიხსენა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან - "მათი გამოკლებით, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამოსავლის ძიებაზე არიან ორიენტირებული".

"ჩვენ განვიხილავთ [საქართველოს] მთავრობისადმი ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას", - განაცხადა პიტერ სტანომ და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა “ევროპის მშვიდობის მექანიზმის” ფარგლებში უკვე გაყინა სამხედრო დახმარების 30 მილიონი ევრო.

არაერთი საერთაშორისო მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, ქართული ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონი 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა.

პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პერიოდში არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, დასავლელმა პარტნიორებმა და მეგობრებმა მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გაეწვიათ კანონი. მათ შორის, კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ.

6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსულ კანონზე პასუხისმგებელ ან თანამონაწილე რამდენიმე ათეულ პირს სავიზო სანქცია დაუწესა.

9 ივლისს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრება შეჩერებულია.


close დახურვა