logo
ENG



პოდოლიაკი: Financial Times-მა გამოაქვეყნა რუსული მხარის მოთხოვნების მონახაზი, სხვა არაფერი

16 მარ 202221:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/16/r6rbnla6izaf5tg.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, გამოცემა Financial Times-მა რუსული მხარის მოთხოვნების მონახაზი გამოაქვეყნა.

"მოკლედ. Financial Times გამოაქვეყნა მონახაზი, რომელიც წარმოადგენს რუსული მხარის მოთხოვნებს. მეტი არაფერს. უკრაინულ მხარეს თავისი პოზიციები აქვს. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვადასტურებთ ამ ეტაპზე ეს არის ცეცხლის შეწყვეტა; რუსული ჯარების გაყვანა და რიგი ქვეყნებისგან უსაფრთხოების გარანტიები", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

Financial Times უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ჩართულ 3 ადამიანზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს 15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ნაწილში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანას მოიცავს იმ შემთხვევაში, თუ კიევი დათანხმდება ნეიტრალიტეტს და თავისი შეიარაღების შეზღუდვას. ​

FT-ის ინფორმაციით, შეთანხმება, რომელიც უკრაინულმა და რუსმა მხარეებმა განიხილეს, გულისხმობს კიევის მიერ NATO-ში გაწევრიანების ამბიციაზე უარის თქმას და პირობას, რომ თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე არ განალაგებს უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზებს და შეიარაღებას, სანაცვლოდ მას დაიცავენ ისეთი მოკავშირეები, როგორებიც არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი. 

გამოცემა მიუთითებს, რომ უკრაინის დაცვის დასავლური გარანტიების ბუნება, მოსკოვის მიერ მათზე თანხმობა, და რუსეთის მიერ 2014 წელს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი შეიძლება იყოს დაბრკოლება ბენისმიერი შეთანხმების მიღწევისთვის. თუმცა, 1994 წლის ბუდაპეშტის შეთანხმებამ, რომელიც უკრაინის დაცვის გარანტორი უნდა ყოფილიყო, არ იმუშავა და ვერ შეძლო რუსეთის აგრესიის პრევენცია. 

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვიც და კიევიც აცხადებენ, რომ შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ სკეპტიკურად არიან განწყობილნი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მშვიდობა სურს და გამოთქვამენ ეჭვებს, რომ მოსკოვი შესაძლოა დროის გაყვანას ცდილობს სამხედრო ძალების გადაჯგუფებისა და შეტევის განახლებისთვის.  

უკრაინა აცხადებს, რომ თუ ნეიტრალიტეტზე შეთანხმება შედგება, ეს მოხდება უკრაინული მოდელით და უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიებით. 


close დახურვა