უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ამ დღეებში რუსეთმა, შესაძლოა, მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელოს.
"დარტყმები იქნება, უდავოდ. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ აქვს იმისთვის, რომ პრევენციული გავლენა მოახდინოს ფრონტის ხაზზე ნეგატიურად განვითარებულ სცენარებზე და მთლიანად ომის მსვლელობაზე. განსაკუთრებით მაისის ამ დღეებში, უდავოდ იქნება გარკვეული დარტყმები უკრაინის წინააღმდეგ", - აღნიშნა მან.
პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პრაქტიკულად ყველა ტიპის რაკეტა გამოყენა. მისი თქმით, უკრაინელები რუსული ძალებისგან რაიმე კარდინალურ ცვლილებას არ ელოდებიან.
"ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ გამუდმებით ვეუბნებით ხალხს, რომ ომი არ დასრულებულა. მაშინაც კი, თუ პროცესების გარკვეული შეფერხებაა. ერთადერთი ტაქტიკა, რაც რუსეთს დარჩა, მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმაა", - განაცხადა პოდოლიაკმა.