უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, რომ მზად არიან მარიუპოლში მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდი გამართონ, რათა იქიდან მოქალაქეების ევაკუაციაზე ისაუბრონ.
"დიახ, ყველანაირი წინაპირობის გარეშე, მზად ვართ მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდი მარიუპოლში გავმართოთ. ერთი ერთზე. ორი ორზე. რათა დავაბრუნოთ ჩვენი ბიჭები, აზოველები, სამხედროები, მოქალაქეები, ბავშვები, ცოცხლები და დაჭრილები. ყველა, რადგანაც ისინი ჩვენიანები არიან. რადგანაც ისინი ჩემს გულში არიან. სამუდამოდ, ვარიანტების გარეშე", - წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.
Так. Без жодних умов. Готові провести спеціальний раунд переговорів у Маріуполі. Один на один. Два на два. Щоб забрати наших хлопців, азовців, військових, цивільних, дітей, живих і поранених. Усіх. Бо вони свої. Бо вони в моєму серці. Назавжди. Без варіантів.
შეხვედრასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვა პარლამენტში, ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამაც.
"მე და მიხაილ პოდოლიაკი მზად ვართ, ჩავიდეთ მარიუპოლში რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის ჩვენი სამხედრო გარნიზონისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით.
დღეს ქალაქის მცველებთან საუბარში გაჟღერდა შემოთავაზება, რომ ჩვენი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებების რაუნდი ადგილზევე ჩატარდეს.
ჩვენი მხრივ, მზად ვართ ნებისმიერ დროს წავიდეთ მსგავს მოლაპარაკებებზე, როგორც კი რუსული მხარისგან დადასტურებას მივიღებთ", - თქვა არახამიამ ტელეგრამზე.
დღეს უკრაინაში მარიუპოლიდან 6 ათასი სამოქალაქო პირის ევაკუაცია იგეგმებოდა, თუმცა ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ამბობს, რომ გეგმა ვერ განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ზაპოროჟიეში გადასვლა მოახერხა, ჰუმანიტარულმა დერეფანმა სათანადოდ ვერ იმუშავა.
ვერეშჩუკის განმარტებით, საკუთარ სამხედროებზე კონტროლის არ ქონის გამო რუსულმა მხარემ ვერ უზრუნველყო ცეცხლის შეწყვეტა.
ომის დაწყების შემდეგ მარიუპოლი რუსეთის არმიის ალყაშია. ქალაქში რჩებიან სამოქალაქო პირები და დაჭრილები, რომელთა გამოყვანაც ვერ ხერხდება.