უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი უკრაინას ასობით საკრუიზო რაკეტით უტევს, რაც საერთაშორისო კანონს არღვევს.
"მოდით, გავიხსენოთ საფუძვლები:
- რუსეთმა პირველად შეუტია უკრაინას 2014 წელს, დაიპყრო დონბასი და ყირიმი;
- დონბასი და ყირიმი - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებია;
- რუსეთის ფედერაცია უკრაინას ასობით საკრუიზო რაკეტით უტევს, რაც საერთაშორისო კანონს არღვევს.
ამის აღიარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
გუშინ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე წააგო ომი, მობილიზაცია კი მხოლოდ აჭიანურებს მის დამარცხებას. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინა გაათავისუფლებს ტერიტორიებს და ოფიციალურად დაფიქსირდება რუსეთის ფედერაციის დამარცხება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ რუსული აგრესია არ განმეორდეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.