უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინას არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებაზე.
"მნიშვნელოვანია: უკრაინას არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებაზე. ჩვენი მოლაპარაკებების პოზიცია ცნობილია და ღია.
- პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციამ უკრაინიდან ჯარები უნდა გაიყვანოს
- შემდეგ, სხვა დანარჩენი
მზად არის პუტინი? აშკარადა არა. ამიტომ ჩვენ კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შეფასებაში: ვისაუბრებთ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
30 სექტემბერს, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა.
ზელენსკიმ 30 სექტემბრის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.
"უკრაინის ქმედებების შესახებ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობის საპასუხოდ, ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად," - წერია განკარგულებაში.