უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქება, შესაძლოა, რუსეთის უსაფრთხოების ძალებში შიდა კონფლიქტის მანიშნებელი იყოს.
პოდოლიაკის აზრით, ჩვენ რუსეთში მიმდინარე ნეგატიური პროცესების მომსწრენი ვართ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი აცხადებს, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (FSB) და კერძო სამხედრო კომპანიები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის ძალების გენშტაბს უპირისპირდებიან.
„რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთში ფართო მასშტაბიანი ნეგატიური პროცესების დასაწყისის მომსწრენი ვართ. უსაფრთხოების ძალებში მენეჯმენტი მკვეთრად შესუსტდა, მძლავრი კონფლიქტები დაიწყო რუსეთის სპეციალურ სამსახურებს შორის, ყველა ეძებს სამხედრო მარცხზე პასუხისმგებელ პირებს, მათ სურთ, შეცვალონ პუტინის შიდა წრე და დაიკავონ სხვა ადგილები ან დააპატიმრონ კონკრეტული გენერლები.
რაც შეეხება ქერჩის ხიდს, ეს კონკრეტული მაჩვენებელია, რომ კონფლიქტი არსებობს, რომლის ერთ მხარესაც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (FSB) და კერძო სამხედრო კომპანიებია (PMCs), მეორე მხარეს კი თავდაცვის სამინისტრო და რუსეთის ფედერაციის გენშტაბია“ - აცხადებს პოდოლიაკი.
პოდოლიაკის აზრით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ის სატვირთო მანქანა, რომელიც ხიდზე აფეთქდა რუსეთიდან მოდიოდა, ამიტომ პასუხები რუსეთში უნდა ეძებონ.
მას მიაჩნია, რომ აფეთქების ლოგისტიკა, საწვავის ეშელონის გადაადგილებაზე დამთხვევა და განადგურებული გზის ნაწილი ამ ინციდენტში რუსეთის მონაწილეობაზე მიუთითებს.
„ახლა ამ ნათელ ინციდენტში ჩვენ რუსეთის სამხედრო და სამართალდამცავ უწყებებს შორის კონფლიქტის გამწვავებას ვხედავთ და მის გამოსვლას კრემლის კონტროლიდან...
იმ ხიდის განადგურება, რომელიც პუტინის პირადი პროექტია, არა მხოლოდ FSB-ს პოზიციებს უთხრის ძირს, ვინც ეს ინციდენტი დაუშვა, არამედ ასევე სამხრეთ უკრაინაში სისტემატური დამარცხებების ალიბიცაა. ისინი ამბობენ, რომ FSB-ს ჩავარდნების გამო ჩამოიშალა რეზერვების მიწოდების მთელი ლოგისტიკა“ - განაცხადა პოდოლიაკმა.
8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც. ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო ავტომობილებისთვის ბორნებით გადასასვლელს ამზადებენ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამთავრობო კომისიის შექმნის დავალება გასცა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ხიდს მალე აღადგენენ.
ხიდზე აფეთქებას გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლებიდანაც. "ყირიმი, ხიდი, დაიწყო. ყველაფერი უკანონო უნდა დაინგრეს, ყველაფერი მოპარული - დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი ოკუპირებული რუსეთის მიერ - განიდევნოს", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხაილო პოდოლიაკმა.
ხიდის აფეთქებაში ანექსირებული ყირიმის ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს. ე.წ. პარლამენტის ხელმძღვანელი, ვლადიმირ კონსტანტინოვი ამბობს, რომ გზა "უკრაინელმა ვანდალებმა" დააზიანეს. უკრაინის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.
ხიდის მშენებლობა, რომელიც ყირიმსა და კრასნოდარის მხარეს აკავშირებს ერთმანეთთან, ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაიწყეს. 2018 წელს ხიდზე საავტომობილო გზა გაიხსნა, ხოლო 2019 წელს მატარებელმა დაიწყო გადაადგილება.