უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, გრძელდება კონსულტაციები სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, ერთერთი მთავარი დაბრკოლება კი იმ ქვეყნების რაოდენობაა, რომლებიც უკრაინას უსაფრთხოების გარანტორებად უნდა დაუდგნენ.
პოდოლიაკის თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, გარანტორი ქვეყნების სია მაქსიმალურად გრძელი იყოს, რუსეთს კი მათი რაოდენობის გაზრდა კატეგორიულად არ სურს:
"ამჟამად მიმდინარეობს კონსულატაციები იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს სამართლებრივი ვალდებულებები, მრავალმხრიან ხელშეკრულებაში ... უნდა გვესმოდეს, რომ რუსებს კატეგორიულად არ სურთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყნების რაოდენობის გაზრდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმდენად მეტი გარანტორი გვყავდეს, რამდენადაც შესაძლებელია,"- განაცხადა პოდოლიაკმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ კონსულტაციების პროცესი ჩიხშია, თუმცა პოდოლიაკი აცხადებს, რომ ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კიევი ნეიტრალურ სტატუსს დაადასტურებს, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ბელარუსი უნდა გახდეს.