logo
ENG



პოდოლიაკი მერკელს: თუ წარსულის შეცდომებს ვერ ასწორებთ, თავის მართლება შეწყვიტეთ

30 აპრ 202317:44
3 წუთის საკითხავი
 
პოდოლიაკი მერკელს: თუ წარსულის შეცდომებს ვერ ასწორებთ, თავის მართლება შეწყვიტეთ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მერკელი რუსეთთან მიმართებით მისი პოლიტიკით კმაყოფილია.

როგორც პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა, მერკელის სიტყვები თავის მართლების მცდელობაა, მან ყოფილი კანცლერი მოლაპარაკებებისკენ მოწოდების გამო გააკრიტიკა.

"ყოფილმა კანცლერმა მერკელმა, რომელმაც მთელი ევროპა რუსეთის ენერგეტიკაზე ტოტალურ დამოკიდებულებაში ჩააყენა, თავს იმართლებს: "მე გავაკეთე ყველაფერი, რომ რუსეთს არ დაეწყო ომი, ამიტომ მივიღე...რუსული იაფი გაზი". ფანტასტიკურია. ომი არ დაიწყო, ხომ? მერე მერკელი აგრძელებს: "უნდა ვიფიქროთ მოლაპარაკებებზე, ყველა მშვიდობისმყოფელი პუტინივით არ ფიქრობს".

ერთი კითხვა მაქვს: მოლაპარაკებები რაზე? ისევ იაფ გაზზე რუსეთიდან? ეს აუცილებლად უკრაინის განადგურებული ტერიტორიების და ასობით ათასი უკრაინელის სიცოცხლის ფასად უნდა მოხდეს? და რაც მთავარია, მოლაპარაკებები ვისთან? - ოფიციალურად აღიარებული საერთაშორისო სამხედრო დამნაშავესთან? ნუთუ ომის 430 დღის შემდეგ შეიძლება ასე ძალიან გძულდეს თავისუფლება, ასე აშკარად ვერ იმჩნევდე რუსეთის მასობრივ მკვლელობებს და ასე ღიად ვერ იტანდე უკრაინის უფლებას თავდაცვაზე? თუ არ შეგიძლიათ წარსულის შეცდომების გამოსწორება - უბრალოდ შეწყვიტეთ თავის მართლება და აგრესორის წახალისება", - დაწერა პოდოლიაკმა.

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთთან მიმართებით მისი პოლიტიკა სწორი იყო. მერკელი მიიჩნევს, რომ სწორი იყო ის გადაწყვეტილებები, რომლებიც გერმანიამ ყირიმის ანექსიის შემდეგ მიიღო. როგორც ის ამბობს, სწორედ ამ გადაწყვეტილებებმა მოაგებინა დრო უკრაინას იმისათვის, რომ უფრო გაძლიერებულიყო.

 

 
 
 

 


close დახურვა