logo
ENG



პოდოლიაკი სუს-ზე: უკრაინა არავითარ გადატრიალებებში დაინტერესებული არ არის

20 სექ 202323:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/4vfpw1zhiwj30e1.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ფორმულას გადაცემაში, ამბები უკრაინიდან ამბობს, რომ უკრაინა არავითარი გადატრიალებით არ არის დაინტერესებული.

ასე ეხმაურება ის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც სუს-მა ხელისუფლების დამხობის ბრალდებებზე ისაუბრა და გეგმის ავტორებად უკრაინაში მოღვაწე ქართველები დაასახელა.

"უკრაინა არავითარ გადატრიალებებში დაინტერესებული არ არის და მონაწილეობას არ იღებს, ეს არის კონსპირაციული თემატიკა, რომელსაც არაეფექტური მთავრობა უჭერს მხარს, რომ პასუხი გასცეს საზოგადოების გაღიზიანებას.

საქართველოს საზოგადოება, რომელიც ღარიბაშვილის მთავრობის პერსპექტიულობას აღიქვამს, თვითონ გადაწყვეტს, როგორ იცხოვროს შემდგომ და ეს იქნება ბუნებრივი პროცესი.

არავითარი გადატრიალებები, არავითარი გარედან თავსმოხვეული გადატრიალებები ხელს არ უწყობს ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოყალიბებას და ურთიერთობას მთავრობასა და საზოგადოებას შორის.

როდესაც საქართველოს საზოგადოება გაითვალისწინებს და გაითავისებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი მიმართულებით, სინქრონიზებულად, სხვა დემოკრატიებთან უნდა იმოძრაოს, თვითონ დასვამს მნიშვნელოვან საკითხებს საარჩევნო პროცედურების ჭრილში და გააკეთებს სხვადასხვა დასკვნას", - განაცხადა მან [სინქრონული თარგმანი].

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს. მათი განცხადებით, ამის საბოლოო მიზანი "ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა".

უწყების თანახმად, "დესტრუქციული პროცესების" დასაწყებად ეს კონკრეტული თარიღები იმიტომ შეარჩიეს, რომ ამ პერიოდში ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. მათი თქმით, "სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი" გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა უარყოფითი იქნება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ გეგმის ავტორებად კონკრეტულ პირებს ასახელებენ - სუს საუბრობს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეზე, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის მქონე პირებზე, მათ შორის მამუკა მამულაშვილზე.


close დახურვა