logo
ENG



პოზნერი აქციის მონაწილეებზე: ყურადღების ღირსი არ არიან, ზედმეტად დიდი პატივია

01 აპრ 202121:17
3 წუთის საკითხავი
 

პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში მისი ვიზიტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ის ადამიანები, რომლებმაც აქცია მოაწყეს, ყურადღების ღირსი არ არიან". 

"ძვირფასო კოლეგებო, მინდა აგიხსნათ, თუ რატომ არ მოგეცით კომენტარი არც ერთს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და არ მივიღე არავის შემოთავაზება გადაცემაში მონაწილეობაზე. 

ახსნა საკმაოდ მარტივია: ის ადამიანები, რომლებმაც შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსი არ არიან. ზედმეტად დიდი პატივია. ამიტომ ვარ ჩუმად და ჩუმად ვიქნები", - წერს პროპაგანდისტი პირად ვებგვერდზე. 

ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.

ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს.

აქტივისტები აპროტესტებდნენ არ მხოლოდ პოზნერის საქართველოში შემოშვებას, არამედ ჩამოსული პირების მიერ კომენდანტის საათისა და შეკრების შეზღუდვის დარღვევას. 

მომხდარს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტით გამოწვეული საპროტესტო აქციების ფორმა "ყოვლად დაუშვებელი" იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოზნერი და მისი თანმხლები პირები კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 


close დახურვა