პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად, ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან ბანერით "ყველას მოგაკითხავთ!" მივიდნენ.
ქართული ოცნების სხდომა 19:00 საათზე დაიწყება. უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ საბჭოს წევრები. სხდომის დაწყებამდე მათ კომენტარები არ გაუკეთებიათ.
აქციაზე მყოფები ამბობენ, რომ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გამო ქვეყანას ადამიანები ტოვებენ.
"მოვედით, რომ ვუთხრათ, რომ მოგაკითხავთ ყველგან, იმ მოპარული ფულით აშენებულ სასახლეებში, რომელშიც ახლა უნდა წახვიდეთ. ეს თვე იქნება ყველაზე პოლიტიკურად ცხელი. მოგაკითხავთ ყველგან, სადაც ინახავთ და აგროვებთ ქართველი ხალხისგან მოპარულ ფულებს", - ამბობს აქციაზე მყოფი ნიკა ნარსია.
