პოლიციამ გორში 18 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის, ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი იპოვა.
ცხედარს მდინარე ლიახვის პირას, კომბინატის დასახლებაში მიაგნეს და ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ზაქრო ბერძნიშვილი 2004 წელს გაუჩინარდა. მაშინ ის 11 წლის იყო. მაშინ იაგო ნებიერიძე დააკავეს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, იაგო ნებიერიძე ბერძნიშვილების ავტოფარეხის მშენებლობაზე მუშაობდა, მათ ოჯახთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა და ოჯახიც ენდობოდა.
ბავშვის დაკარგვიდან დაახლოებით 3 კვირის შემდეგ ნებიერიძემ ოჯახს წერილი მისწერა და გამოსასყიდად 20 ათასი დოლარი მოითხოვა.
მტკიცებულებების არარსებობის გამო ნებიერიძეს გატაცების ბრალდება ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ ფულის გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს.
იაგო ნებიერიძე 2018 წელს 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის გატაცების, ძალადობის და მკვლელობის ბრალდებითაც დააკავეს, გაასამართლეს და უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე თქვა ნებიერიძემ, რომ ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ადგილმდებარეობა იცის. მაშინ პოლიციამ გორის პარკში ძებნა დაიწყო, თუმცა, კვალს ვერ მიაკვლია.
განახლება:
10 აპრილს იაგო ნებიერიძის დედამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მისმა შვილმა ცხედრის ადგილსამყოფელი იცოდა იმიტომ, რომ მის დამარხვას შეესწრო.
მისივე განცხადებით, "პატიმრის და ბავშვის მშობლების თანხმობით, ერთობლივად გადაწყდა, რომ ცხედარი ეპოვათ".
"თვითონ პატიმრის მოთხოვნა იყო. მე ვიცოდი ეგ ადგილიო, დავინახეო. იმაში მოვტყუვდი, რომ არავის შევატყობინეო. ახლა ჩემი კეთილი ნების გამო მინდა, რომ ბავშვს თავისი საფლავი ქონდეს და დედამ და მამამ ყველაფერი გაუკეთოს და არ იყოს იქ, სადაც არისო". - თქვა ქალმა.