სამართალდამცველებმა თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შსს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს.
"15 მარტს, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 20 ახალი ფაქტი გამოვლინდა. თბილისში, მცხეთაში,კახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 42 ადამიანია გადაყვანილი",-ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30-მდეა გაზრდილი. აღნიშნულის გამო, მთავრობამ რამდენიმე ქვეყანასთან საზღვარი ჩაკეთა. რაც შეეხება უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს მათ სავალდებულო 2-კვირიან კარანტინში მოუწევთ ყოფნა.