logo
ENG



პოლიციამ პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

15 მაი 202403:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/t4uimtq707bz9yy.jpg

პოლიციამ პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. ფორმულას ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე ადამიანი.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტთან რამდენიმე საათის უკან დაბრუნდენ. მანამდე ისინი სხვადასხვა ლოკაციებზე იმყოფებოდნენ.

დღევანდელი საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, გმირთა მოედანსა და ჭავჭავაძის გამზირზეც გაიმართა. დემონსტრანტებმა მსვლელობით გადაკეტეს მტკვრის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა სანაპირო.

გმირთა მოედანზე, სადაც აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, პოლიციამ მოქალაქეები ძალის გამოყენებით დააკავა. პოლიციამ ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადა. მათ დაახლოებით 10-მდე ადამიანი დააკავეს.

მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციაზე, რომელიც პარლამენტის წინ დილიდან მიმდინარეობდა, 13 ადამიანი დააკავეს. 

დაკავებულებს შორისაა ლაზარე გრიგორიადისი.

აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ და დააკავეს დავით ქაცარავაც. ის ახლა კლინიკაშია გადაყვანილი.

დღეს ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონს ხმა 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სხდომის პარალელურად პარლამენთან აქცია მიმდინარეობდა. ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები იყო მობილიზებული.

კანონის მიღების შემდეგ მოქალაქეებმა პარლამენტის წინა შესასვლელთან გადაინაცვლეს, სადაც რკინის ჯებირზე აბრახუნებდნენ. პოლიცია მას შემდეგ გამოვიდა ჯებირიდან და მოქალაქეების დაკავება დაიწყო, რაც რამდენიმე პირმა რკინის ჯებირი დააზიანა. 


close დახურვა