logo
ENG



პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტების კარავი ძალის გამოყენებით დაშალა

31 იან 202112:13
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციამ რიონის ხეობაში, სოფელ ჟონეთში აქტივისტების კარავი ძალის გამოყენებით დაშალა. 

მოქალაქეები, რომლებიც ნამახვანჰესის ჰესის აშენებას აპროტესტებენ, კარვის დაცვას ცდილობდნენ, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. აქციის დაშლას წინ უძღოდა ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა, რაც პოლიციის თანხლებით მოხდა.

ასევე, მათ იმ ტერიტორიაზე, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, ჯვარი დადგეს. როგორც დღეს, 31 იანვარს ამბობენ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა ის ბაგრატის ტაძრის ტერიტორიაზე წუხელ, კომენდანტის საათის დროს გადაიტანეს. 

აქტივისტების ჯგუფი ნამახვანჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში უკვე 98 დღეა, აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მათი კარავი უკვე მეორედ დაშალა, ჰესის აშენების მოწინააღმდეგეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. 

მათი თქმით, იმერეთში არსებული გეოლოგიური მდგომარეობა ჰესის აშენების საშუალებას არ იძლევა და ეს ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. 

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას ორგანიზაცია EMC გამოეხმაურა და მიუთითა, რომ სახელმწიფო ადამიანებს მხოლოდ პოლიციის ენით ელაპარაკება. 

"სახელმწიფოს ქმედებები და რიტორიკა აჩვენებს, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები არ უზრუნველყოფენ ქმედით, საჯარო და ცოდნაზე დამყარებულ ფორმატს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოსაძებნად, ხოლო მათ წინაპირობას პროტესტის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე პროცესები ჩიხში შეყავს. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ნაცვლად ფორმალური ჩართულობის შეთავაზებისა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და შესთავაზოს ადგილობრივ მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს განხილვის რეალური, მონაწილეობითი და საჯარო პროცესი, რაც არ შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ადგილზე არსებული მშვიდობიანი პროტესტის ალტერნატივა". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 


close დახურვა