logo
ENG



პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 234 ფაქტი გამოავლინა

16 აპრ 202014:44
3 წუთის საკითხავი
 
du4lwoqe6c4oivy.png

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 234 ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიცია დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 234 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 15 აპრილის 21 საათიდან 16 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 92 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 125 მოქალაქე დააჯარიმა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 13 პირი დააჯარიმეს.

პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 4 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 


close დახურვა