სამოქალაქო აქტივისტები გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილებაში მივიდნენ. აქტივისტებს კითხვები აქვთ, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და შეუჩერდებათ თუ არა სამსახურეობრივი უფლებამოსილება იმ პოლიციელებს, რომლებსაც სირცხვილიას დირექტორი გიორგი მჟავანაძე ძალადობაში ადანაშაულებს.
მათ სურდათ ეს კითხვები განყოფილების უფროსთან პირადად დაესვათ, თუმცა ლევან ბიწკინაშვილი აქტივისტებს არ შეხვდა.
"ჩემი მოთხოვნა იყო, რომ შევხვედროდი განყოფილების ხელმძღვანელს. შემდეგ გამოჩნდა ერთი პირი, რომელმაც მითხრა, რომ განყოფილების ხელმძღვანელი იყო, ლევან ბიწკინაშვილი. ვუთხარი, რომ მის სახელზე ვწერდი განცხადებას და შეეძლო გამსაუბრებოდა. როგორც კი ამის შესახებ გაიგო, ავიდა კაბინეტში და მოეფარა თვალს. მე ამ ხელმძღვანელისგან ვითხოვ ძალიან მინიმალურს, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დღემდე იკავებენ თანამდებობას და მონაწილეობდნენ ჩემზე ძალადობაში, სულ მცირე გამოძიების დასრულებამდე მათ შეუწყდეთ უფლებამოსილება"- თქვა გიორგი მჟავანაძემ.
17 მაისს, სირცხვილიას აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მჟავანაძე პოლიციამ დააკავა.
როგორც გიორგი მჟავანაძე ყვება, პოლიციის განყოფილებაში მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.