logo
ENG



სირცხვილია: პოლიციამ გიორგი მჟავანაძე დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

17 მაი 202220:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/17/7sqad6egh35t4i8.jpg

სირცხვილიას დირექტორი გიორგი მჟავანაძე პოლიციამ დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას სირცხვილია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამჟამად, მჟავანაძე ზაჰესში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

"პოლიციელებმა დააკავეს და ბორკილებდადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენი მოძრაობის დირექტორს, გიორგი მჟავანაძეს.

ისედაც უსამართლოდ გამოწერილი ჯარიმის ჩასაბარებლად, გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში მისულ გიორგის პოლიციელი ადგილზე არ დახვდა და სთხოვა, დალოდებოდა. ამ დროს, პოლიციის განყოფილების მისაღებში მყოფი სხვა პოლიციელი მიუახლოვდა და დაახლოებით მსგავსი დიალოგი დგება:

- რაზე ხარ მოსული?

- ვიღაც პოლიციელს ველოდები

- შენი ვიღაცაა პოლიციელი?

- სახელი და გვარი არ ვიცი.

ამის შემდეგ, გაღიზიანებულ პოლიციელს უერთდება რამდენიმე თანამშრომელი, გიორგის აგდებენ შენობიდან და “ამას რას ელოლიავებით, დააკავეთ” ბრძანების შემდეგ ადებენ ხელბორკილებს.

ბორკილებდადებულ გიორგის 3 პოლიციელი რამდენჯერმე ურტყამს

სახეში ხელს!

ეს ხდებოდა პოლიციის განყოფილების პირველ სართულზე, ცენტრალური შესასვლელიდან რამდენიმე მეტრში.

ამჟამად, გიორგი ზაჰესში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მოძრაობის ადვოკატი უკვე დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სახალხო დამცველის აპარატს. გიორგის პოლიციამ განუცხადა, რომ განყოფილების შენობაში და მის მიმდებარედ კამერები გამორთულია.

პოლიცია რომ თავად არის დანაშაულის ჩამდენიცა და დამფარავიც, ეს უკვე არაერთხელ გამოჩნდა, თუმცა, ჩვენი მოძრაობის წევრებზე მიზანმიმართულ დევნასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აუცილებლად გაეცემა პასუხი მოძრაობის მხრიდან!

დეტალების გარკვევისთანავე მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას გიორგის მდგომარეობასთან დაკავშირებით", - აცხადებენ ორგანიზაციაში.


close დახურვა