შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, გიორგი კაპანაძე, რომელიც გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილების უფროსთან, დავით მჟავიასთან უთანხმოების გამო გაათავისუფლეს, ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიციელები ხელმძღვანელ თანამდებობებზე პარტიული ნიშნით არიან დანიშნულები.
"პოლიციელები, რომლებიც ხელმძღვანელ თანამდებობებზე არიან, ყველა არის პარტიული ნიშნით დანიშნული. არ ეკუთვნით ამ ხალხს ამ მუნდირის ტარება, კაცის კაცები არიან ყველანი. სადაც ასეთი პიროვნებები არიან, იქ სიმშვიდე ვერასდროს ვერ დაისადგურებს",-ამბობს გიორგი კაპანაძე.
კაპანაძემ საჯაროდ საუბარი იმ კადრების ნახვის შემდეგ გადაწყვიტა, რომელშიც ნიკა მელიასა და გლდანი-ნაძალადევის განყოფილების უფროსის დავით მჟავიას სიტყვიერი დაპირისპირებაა ასახული.
კაპანაძე ამბობს, რომ მას მომხდარი არ უკვირს, ვინაიდან მისი თქმით, პოლიტიკურად ანგაჟირებული ხელმძღვანელები პროვოკაციას სპეციალურად აწყობენ, პოლიცია კი კაპანაძის თქმით, ამაზე არ რეაგირებს.
"მოგზავნილი ხალხი მიდის, რაღაც პროვოკაციას აკეთებს, იქ აგრესიას იწვევს ხალხში, პოლიცია რას აკეთებს ამ დროს არანაირი რეაგირება. ეს პოლიტიზირებული პოლიციელები ძალიან ზემოქმედებენ პატიოსან პოლიციელებზე",-ამბობს კაპანაძე.
გიორგი კაპანაძე უკვე მეცხრე თვეა რაც პოლიციის ფორმას აღარ ატარებს. მისი თქმით, მას სამსახურის დატოვება სწორედ მჟავიასთან პირადი უთანხმოების გამო მოუწია.
"მჟავიას როგორც უნდა ისე ხდება ყველაფერი. ჩვეულებრივი თანამშრომელი, უბრალო ინსპექტორი ვერ დაამტკიცებს თავის სიმართლეს იმიტომ, რომ აქ შუაში მჟავიაა და ზევით ეშალონში არ იციან ნამდვილი სიმართლე. მე მინდოდა ნამდვილი სიმართლის გარკვევა, მაგრამ ამ კაცმა ყველაფერი დაბლოკა",-ამბობს კაპანაძე.
კაპანაძემ სამსახურში აღდგენის მოთხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრს ორჯერ მიმართა, თუმცა გომელაურის მხრიდან მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია:
"გთხოვთ აღმადგინოთ ქალაქ თბილისის საპატრულო-პოლიციის მთავარ სამმართველოში, ინსპექტორის პოზიციაზე. რადგანაც მყავს ექვსი წლის მცირეწლოვანი ქალიშვილი და საცხოვრებელი სახლი დატვირთულია იპოთეკის ვალდებულებით. მყავს ავადმყოფი დედა. საპენსიო სტაჟამდე მაშორებს თვეები. ოჯახს არანაირი შემოსავალი არ გვაქვს".
კაპანაძე ამბობს, რომ ზედა ეშალონებში მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს უსმენენ:
"მაიორი კაცი მივედი, ვთხოვე. რა უნდა იყო დაკავებული ისეთი, რომ შენი თანამშრომლისთვის 5 წუთი არ გამონახო, ან რა მიღება აქვს ასეთი ბატონ გენერალს?!",-ამბობს კაპანაძე.
კაპანაძე თქმით, ის პოლიციაში ერთადერთი არ არის, რომელსაც ძალოვან უწყებებში სიტუაცია აწუხებს. თუმცა მისივე განცხადებით, სამსახურის დაკარგვის შიშით ისინი ხმას ვერ იღებენ:
"აბა პოლიციაში კითხეთ, სინამდვილეში რას ფიქრობენ. ყველანაირად გაანადგურეს პოლიციის იმიჯი, აი ამას გეტყვიან, უბრალოდ ვერ ამბობენ, მაგრამ ასეა. ყველას აქვს საბანკო ვალდებულება, ხელში ჰყავთ აყვანილი, თუ არ გინდა, წადი",-აცხადებს კაპანაძე.
ასევე ფორმულას ინფორმაციით, დიდუბის ოცმეთაური კახა მაჭარაშვილი, მაიორი 3 თვეში, ბერა ივანიშვილთან ახლობლობის გამო გახდა. ადიკო ივანიშვილის ნათლული გოგა მემანიშვილი, კი მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს სწორედ ამ კავშირების გამო კურირებს.
"კიბეებზე ჩავიდა კაცი იყო რიგითი ამოვიდა კაპიტანი, ერთ წელიწადში პოლკოვნიკი გახდა, პოლიტიკური ნიშნით არიან ესენი ყველანი",-ამბობს კაპანაძე.
დეტალების გასარკვევად ფორმულა დავით მჟავიასაც დაუკავშირდა, თუმცა მან შეხვედრაზე უარი თქვა.