logo
ENG



პოლიციელს არასრულწლოვანზე ძალადობაში ადანაშაულებენ - მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა

11 მაი 202013:16
3 წუთის საკითხავი
 

ტყიბულის ინსპექტორ-გამომძიებელს ეკა ისაკაძეს, ასატუროვების ოჯახი 13 წლის ბავშვზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს.

არასრულწლოვანის დედა და ბებია ყვებიან, რომ ძალადობის შემდეგ ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა.

მოზარდის ოჯახის წევრებმა ისაკაძეს უჩივლეს და საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. ტყიბულის პოლიციაში ჟურნალისტებს დაუმალეს, რომ ეკა ისაკაძე განყოფილებაში იმყოფებოდა. საქმე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს.

"ეს ქალბატონი, პოლიციის მუშაკი, ეკა ისაკაძე ეუბნებოდა, ჩემი შვილი რომ იყო, გაგდღლიზავდი მუცელზეო. შენ აქ შემოსვლის უფლება არ გაქვსო. ახლა იძულებული ვარო გამოგიწეროო შემაკავებელი ორდერიო და სადაც გაგიშვებთო აი ნახავ მერეო", - განაცხადა მოზარდის ბებიამ, მარინე ასატუროვამ. 

მოზარდის დედა, ბელა ასატუროვა კი აცხადებს, რომ პოლიციელმა მის შვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა. 

"ჩემი 13 წლის შვილზე განახორციელა როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ბავშვი ძალიან განერვიულებული იყო და აივნიდან გადახტომა სცადა", - ამბობს დედა. 

ოჯახის ადვოკატი ლევან ჭელიძე აცხადებს, რომ ფაქტის შემდგომ ბავშვს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა და ის ამ დრომდე სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. 

"გამოძიება მიმდინარეობს პოლიციელის მხრიდან სავარაუდოდ უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაზე, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ამ კონკრეტული პოლიციელის მხრიდან ძალადობის შემდეგ ბავშვს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა და ოჯახმა მიმართა ამ დახმარებას. მოზარდი დღემდე ფსიქოლოგის დაკვირვების ქვეშ იმყოფება", - აღნიშნა ჭელიძემ. 

რაც შეეხება თავად დადანაშაულებულ პოლიციელს, ის ძალადობის ფაქტს უარყოფს. 

"თუკი რაიმე კითხვა იქნება შესაბამის ორგანოებს ამ კითხვებზე დეტალურ პასუხს გავცემ. ასეთი ფაქტი არ ყოფილა", - ამბობს ისაკაძე. 


close დახურვა