პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრი ანა მოსკვა ამბობს, რომ პოლონეთი რუსეთთან ენერგეტიკულ ურთიერთობას წყვეტს.
მინისტრის თქმით, პოლონეთმა გააუქმა ბუნებრივ აირთან დაკავშირებული 1993 წლის მთავრობათაშორისი შეთანხმება იამალთან მიმართებით.
"რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ დაადასტურა პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა, გახდეს რუსული გაზისგან სრულად დამოუკიდებელი. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ გაზპრომი არასანდო პარტნიორია", - წერს მინისტრი Twitter-ზე.
მინისტრის განმარტებით, ეს არის ბუნებრივი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც რუსეთმა გადაწყვიტა პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა.
რუსულმა სამთავრობო კორპორაცია გაზპრომმა პოლონეთს ბუნებრივი აირის მიწოდება 27 აპრილიდან შეუწყვიტა.
რუსეთმა მიზეზად პოლონური სამთავრობო კომპანიის, PGNiG-ის გადაწყვეტილება დაასახელა, რომელმაც გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვა.
მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, აგრესორმა ქვეყანამ "არამეგობრულ ქვეყნებს" სწორედ რუბლში ანგარიშსწორება მოსთხოვა.
ამასთან, რუსეთმა უკვე შეუწყვიტა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და ფინეთს, რომლებმაც ასევე თქვეს უარი პუტინის მიერ შეთავაზებულ სქემაზე.