17 სექტემბრიდან პოლონეთი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ნომრებით მსუბუქი მანქანების შესვლას კრძალავს. როგორც პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რუსეთში რეგისტრირებული სატვირთო მანქანებისთვის ასეთი შეზღუდვა უკვე მოქმედებდა.
"ვერცერთი რუსული მანქანა ვერ შევა პოლონეთში. ეს ეხება ყველა მანქანას როგორც კომერციული, ასევე კერძო მიზნებისთვის"', - განაცხადა მარიუშ კამინსკიმ.
მისივე თქმით, შეზღუდვა შეეხებათ როგორც რუსეთის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში რეგისტრირებული მანქანებით გადაადგილდებიან.
ამ კვირაში ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ფინეთმა, რომლებსაც საერთო საზღვარი აქვთ რუსეთის ფედერაციასთან, რუსულნომრიანი მანქანებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვაზე განაცხადეს. ესტონეთმა გამონაკლისი ავტობუსებისთვის დაუშვა. ნორვეგიასთან საზღვარი, რომელიც არ არის ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ შენგენის ზონის ნაწილია, კვლავ ხელმისაწვდომია რუსული მანქანებისთვის.
გადაწყვეტილებები ევროკომისიის ახალ გაიდლაინებს ეფუძნება, რომლის თანახმადაც კერძო მანქანების ევროკავშირში შესვლა არალეგალურ იმპორტად უნდა ჩაითვალოს.