logo
ENG



პოლონეთის დაზვერვის სამსახურმა შპიონაჟის ბრალდებით 45 რუსი დიპლომატის გაძევება მოითხოვა

23 მარ 202214:17
3 წუთის საკითხავი
 

პოლონეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ [ABW] მოამზადა 45 რუსი დიპლომატის სია, რომლებიც სააგენტოს ცნობით, რუსული სპეცსამსახურების ოფიცრები იყვნენ. 

"პოლონეთისა და მისი მოკავშირეების მიმართ რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკისა და ასევე უკრაინაში რუსული აგრესიის გათვალისწინებით, სააგენტოს ხელმძღვანელი ითხოვს ამ პირების პოლონეთიდან გაძევებას," - წერია პოლონეთის მთავრობის ვებგვერდზე.

ABW-ის მიერ მოპოვებული მასალები მიუთითებს იმაზე, რომ სიაში მყოფი რუსი დიპლომატები და მათი თანამშრომლები, სავარაუდოდ, პოლონეთის სტაბილურობის წინააღმდეგ სადაზვერვო ოპერაციებს  ახორციელებდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ "რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ რუსული მხარე პოლონეთს 40-მდე რუსი დიპლომატის გაძევების შემთხვევაში, „შესაბამის პასუხს“ გასცემს.

ვარშავაში რუსეთის საელჩომ კი განაცხადა, რომ დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.


close დახურვა