აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო ცალ-ცალკე ესაუბრა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ პაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. სპიკერ მორგან ორტაგუსის განცხადებას აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
სპიკერის ტექსტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო მდივანმა ლიდერებს მოუწოდა, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით გააგრძელონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება. პომპეომ, ასევე აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება.
სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა 10 ოქტომბერს მოსკოვში შეთანხმებულ და პარიზში 17 ოქტომბერს დადასტურებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების მნიშვნელობას.
აშშ-ის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 24 ოქტომბერს გაფორმდა და 26 ოქტომბრის 08:00 საათიდან ამოქმედდა. თუმცა, ერთი საათის შემდეგ მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.
ეს მესამე შეთანხმება იყო. მანამდე, რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ 2 შეთანხმება დადეს, თუმცა, არც ერთი მათგანი არ შესრულდა.
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.