logo
ENG



პორტუგალია უკრაინას 250 მილიონ ევროს დახმარების სახით გადასცემს

21 მაი 202220:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/21/w5sy953tak7s1tw.jpg
Sergey Revera / UNIAN

პორტუგალია უკრაინას ფინანსური დახმარების სახით 250 მილიონ ევროს გადასცემს. ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერმინისტრმა ანტონიო კოსტამ კიევში ვიზიტისას განაცხადა.

შესაბამის მემორანდუმს პორტუგალიისა და უკრაინის პრემიერმინისტრებმა, ანტონიო კოსტამ და დენის შმიგალმა ხელი დღეს, კიევში მოაწერეს.

დენის შმიგალმა პორტუგალიას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს თანხა მათ ომისას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

„უკრაინამ წელს უკვე მიიღებს პირველ ნაწილს, 100 მილიონ ევრომდე. ეს უკრაინას ომის დროს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარება და შესაძლებლობას მოგვცემს გამარჯვების შემდეგ სწრაფ აღდგენაში. მადლობა პორტუგალიას ამ მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა დენის შმიგალმა.

პორტუგალიის პრემიერმინისტრი, ანტონიო კოსტა დღეს უკრაინაში ჩავიდა. ის კიევის რეგიონში, ქალაქ ირპინში ჩავიდა. მან განაცხადა, რომ ამ ვიზიტით უკრაინისადმი და მისი ხალხისადმი სოლიდარობას გამოთქვამს და გმობს "უკრაინაში რუსეთის ბარბაროსულ შეჭრას".

კოსტამ ასევე მხარდაჭერა გამოთქვა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართაც და განაცხადა, რომ ევროკომისიის შეფასებას უკრაინის განაცხადზე დიდი იმედით ელიან.

„ჩვენ დიდი იმედით ველოდებით იმ ანგარიშს, რასაც ევროკომისია ევროკავშირში უკრაინის მომავალზე ამზადებს. და ეს ანგარიში ივნისში განიხილება.

ამ ძალიან რთულ სამხედრო პირობებშიც კი ჩვენ ვხედავთ როგორ წარმატებით მუშაობს უკრაინელი ხალხი და უკრაინის ხელისუფლება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ივნისის ბოლოს საჭირო გადაწყვეტილება იქნას მიღებული“, - განაცხადა ანტონიო კოსტამ.

პორტუგალიის პრემიერმა განაცხადა, რომ მზადაა, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიაროს. კოსტას თქმით, ივნისის დასაწყისში პორტუგალია უკრაინულ ტექნიკურ ჯგუფს უმასპინძლებს და გააცნობს ტექნიკურ დეტალებს პორტუგალიის ევროკავშირში გაწევრიანების გამოცდილების შესახებ.


close დახურვა