logo
ENG



პრაისი ხალხის ძალის კანონპროექტზე: საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

16 თებ 202309:03
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, ღრმად შეშფოთებულები არიან საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტით, რომელიც ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამოყოფილმა ხალხის ძალამ წარადგინა და "უცხოელ აგენტებს" ეხება.

როგორც პრაისმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ კანონპროექტმა საქართველოში, შესაძლოა, სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიაზე გავლენა იქონიოს. მისივე თქმით, ხსენებულ საკითხზე წუხილი ქართულ მხარესთან ვაშინგტონმა უკვე გამოხატა.

სახელმწიფო დეპარტამენტში ხედავენ ქართული კანონპროექტის მსგავსებას რუსეთისა და უნგრეთის უცხოური აგენტების შესახებ კანონთან. პრაისი აცხადებს, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მისივე განცხადებით, მცდარია რომ "ხალხის ძალის" ეს კანონპროექტი ამერიკულ კანონებს ეფუძნება.

"ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ. ვიცით საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესახებ. ღრმად ვართ შეშფოთებულები იმით, თუ რა შედეგები, შესაძლოა, მოიტანოს [კანონპროექტმა] საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის. ჩვენი აღშფოთება ქართული მხარის ხელისუფლებას უკვე მოვახსენეთ. შემოთავაზებული კანონი იძულებულს გახდის საქართველოს დამოუკიდებელ მოქალაქეებს გაჩუმდნენ, იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკეთესი მომავლისკენ ილტვიან.

მიგვაჩნია, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. რაც შეეხება შედარებას ჩვენს კანონებთან, ეს შედარება მცდარია, მათ შორის FARA - ის განცხადებები, თითქოს ქართული კანონპროექტი დაფუძნებულია FARA-ზე, ეს განცხადებები სიცრუეა. სინამდვილეში, ეს კანონპროექტი, დაფუძნებულია რუსულ და უნგრულ ანალოგიურ კანონპროექტებზე და არა სხვა რომელიმე ამერიკულ კანონპროექტზე", - თქვა ნედ პრაისმა.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატების ჯგუფმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. "ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს "პოლიტიკოსების, NGO-ებისა და მედიის შემოსავლის წყაროები".

მისი თქმით, სუბიექტების "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მათ, ვინც თავს აარიდებს რეგისტრაციას, "შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები" დაეკისრებათ. დეპუტატი აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.


close დახურვა