logo
ENG



პრაღაში გაზის ფასის გაძვირების გამო უკრაინის დახმარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

04 სექ 202200:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/04/nz85hi6ms20pnun.jpg

პრაღაში ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა, რომელშიც პოლიციის ცნობით, დაახლოებით 70 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეებმა დაადანაშაულეს ხელისუფლება გაზისა და ელექტროენერგიის ფასების მატებასთან დაკავშირებით უმოქმედობაში. მათ ასევე მოითხოვეს ჩეხეთის გასვლას ევროკავშირიდან და NATO-დან, გააკრიტიკეს მთავრობა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში ქვეყნის ეკონომიკის საზიანოდ უკრაინის მხარდაჭერისთვის.

BBC-ის კორესპონდენტის, რობ კამერონის ცნობით, აქციას ესწრებოდნენ პუტინის მაისურებით ულტრამემარჯვენე ნაციონალისტები, კომუნისტები, კოვიდ სკეპტიკოსები, მაგრამ ასევე ცნობილი მეცნიერები.

"ამ მრავალფეროვან მომიტინგეებს - რომელთაგან ბევრი პრაღაში სხვა ადგილებიდან იყო ჩასული - ერთი რამ ჰქონდათ საერთო: მათ ყველას სჯერათ, რომ დადგა დრო, ჩეხეთის რესპუბლიკის ინტერესები წინა პლანზე დადგეს." - აღნიშნავს BBC-ის კორესპონდენტი. 

აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ჩეხეთი სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური უნდა იყოს და მის ინტერესებში იქნება პირდაპირი კონტრაქტების გაფორმება გაზის მომწოდებლებთან, მათ შორის რუსეთთან.

ჩეხეთმა მიიღო დაახლოებით 400 000 ლტოლვილი უკრაინიდან და უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა. 

ჩეხეთის რესპუბლიკაში დემონსტრაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრპეტრ ფიალას მთავრობა პარლამენტში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. ოპოზიციამ ეს კენჭისყრა ინფლაციისა და ენერგო ფასების ზრდის გამო დაიწყო.

პეტრ ფიალა ხელმძღვანელობს მემარჯვენე ცენტრის კოალიციას, რომელიც ხუთი პარტიისგან შედგება.  პრაღაში დემონსტრაციის შესახებ მან თქვა, რომ ის ორგანიზებული იყო "პრორუსული ძალების და ექსტრემისტებთან დაახლოებული შეხედულებების მქონე ჯგუფების მიერ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩეხეთის რესპუბლიკის ინტერესებს".

"აშკარაა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე რუსული პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანიები მოქმედებს და ზოგიერთი ადამიანი მათ ყურს უგდებს." - განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.


close დახურვა