logo
ENG



პრეზიდენტი: კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა

25 თებ 202121:31
3 წუთის საკითხავი
clock 795
პრეზიდენტი: კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა

საქართველოს პრეზიდენტის ფორმულას ტელეწამყვანსა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და ნებისმიერ ძალადობას გმობს.

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, სწრაფად იქნას ფაქტი გამოძიებული. 

„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა!

ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს!

მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ვახო სანაიას სამი პირი ვაკეში თავს გამთენიისას დაესხა. როგორც სანაია ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაია ამბობს, რომ სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული, დაშავებულია მისი რძალიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ვახო სანაიასა და მისი ნათესავის მიმართ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 


close დახურვა