logo
ENG



პრეზიდენტი: როგორც ქართველმა, ვიცი, რა მნიშვნელობისაა ბრძოლა, რომელსაც უკრაინა აწარმოებს

19 თებ 202409:17
3 წუთის საკითხავი
 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანული გამოცემა დოიჩე ველეს კითხვებს უპასუხა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებას ნიშნავს და სწორედ ეს დევს სასწორზე, როდესაც საუბარი მიდის ყირიმზე, უკრაინაზე, საქართველოსა და რუსეთის გეგმებზე, ააშენოს სამხედრო ბაზა შავი ზღვის სანაპიროზე.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში კარგად იციან, რას ნიშნავს, როდესაც რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე არ არის სათანადო რეაგირება. მან უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაზრდის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მთავარი მოლოდინი, რომელიც მას ევროპელებისა და ევროკავშირისგან აქვს, გაფართოებაა.

ჟურნალისტმა მას კითხვა საქართველოს ევროკავშირში გაფართოების საკითხთან დაკავშირებითაც დაუსვა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი მიუნხენში, ფაქტობრივად, მთავრობის ნებართვის გარეშე ჩავიდა.

"ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ჩვენთანაც არის შიდაპოლიტიკური ბრძოლები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფარგლებს იცოდნენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ქართველი ხალხის სრული კონსენსუსი არსებობს და ასეა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის მომენტიდან. ქართველი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და ეს არასდროს შეცვლილა, არც მაშინ, როდესაც საქართველო ოკუპირებული და დაპყრობილი იყო და არც მომავალში შეიცვლება, რადგან ეს ერთადერთი რეალური პერსპექტივაა ქვეყნისთვის.

როგორც ქართველმა, ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ის ბრძოლა, რომელსაც უკრაინა მთლიანი ევროპისთვის აწარმოებს. ჩვენ ვნახეთ, რა ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი იჭრება სხვა ქვეყნებში, რაც ჩვენთან ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში 3-ჯერ მოხდა და როდესაც ამას საკმარისი მხარდაჭერა და რეაგირება არ მოჰყვება. თუ რუსეთს არ შეაჩერებენ, ის აგრძელებს.

ერთადერთი, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში შეიძლება შეიცვალოს არის ის, რომ რუსეთი გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, იქნება ეს უკრაინის, თუ საქართველოს. ეს არის ევროპის უსაფრთხოების მომავალი და არა ის, რომ ევროპის გვერდით იყოს ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიებს იკავებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.


close დახურვა