logo
ENG



პრეზიდენტი: ხარჯებზე დოკუმენტების გასაჯაროებაზე სააკაშვილმა მთავრობას უნდა მიმართოს

21 თებ 202217:21
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო სამართლებრივი აქტების გასაჯაროება არ მოხდა, ვინაიდან ამის დისკრეცია საქართველოს მთავრობას აქვს და არა პრეზიდენტს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს გამოეხმაურა - ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა, გრიფი საიდუმლო მოხსნას "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც"

სააკაშვილს ეს მოთხოვნა ე.წ პიჯაკების საქმის გამო აქვს, რომლის ფარგლებში მას და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსს გამოძიება დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში ადანაშაულებს. 

"მე და ჯანაშიას გვედავებიან არა ხარჯების მიზნობრიობას, როგორც ტელევიზიით ყვებიან, არამედ მათი გაწევის წესს. თუ თქვენ ამ გრიფს მოხსნით, დადასტურდება, რომ ეს პროცედურები უბრალოდ ჯანაშიას კაპრიზი კი არ იყო, არამედ საყოველთაოდ მიღებული განგრძობითი პრაქტიკა, რომელიც, რაც მთავარია, სრულიად ჯდება კანონის ფარგლებში". - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ღია წერილში, რომლითაც მან სალომე ზურაბიშვილს მიმართა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მანანა სულავას თქმით, 2018 წლამდე ეს ფუნქცია უშიშროების ეროვნულ საბჭოს ჰქონდა, მისი გაუქმების შემდეგ კი მთავრობამ გადაიბარა, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის ადრესატი პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ არის. 

"დღეის მდგომარეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს დოკუმენტების გასაჯაროებაზე.

ასევე, უნდა ითქვას, რომ თუკი ექსპრეზიდენტს რამე სახის პრეტენზია აქვს დოკუმენტებთან დაკავშირებით, შეუძლია, პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობას და მის ადმინისტრაციას". - ამბობს მანანა სულავა. 

გარდა ამისა, მანანა სულავამ ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი "აკეთებს ​ინსინუაციას სტუმრების შამპანურით გამასპინძლების თაობაზე, ასევე შეწყალების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე". 

"ასეთი ინსინუაციები სრულიად უადგილო და მიუღებელია, ასევე ანაქრონული და უშედეგო, რამეთუ ეკუთვნის იმ წარსულს, რომელთა დაშორებასაც ემსახურება ეროვნული თანხმობის პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ წამოიწყო. პრეზიდენტმა ბევრჯერ განმარტა, რომ ეს პროცესი ემსახურება ისეთი სახელმწიფოს შენებას, სადაც აღარავის ექნება შიშის განცდა და ვერავინ მიაღწევს შედეგად დაშანტაჟების და დისკრედიტაციის საფუძველზე მიაღწიოს საკუთარ პოლიტიკურ შედეგს. და ბოლოს, ძალიან უხერხულად ჟღერს ექსპრეზიდენტისგან, რომელმაც საკუთარ მოქალაქეობაზე და ქვეყანაზე უარი თქვა, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, აპელირება და მინიშნება საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საბოლოოდ დათმო". - თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. 


close დახურვა