პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეიდან ქართული ქარტიით გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატის შესარჩევად პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო.
პრეზიდენტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში ხვდება. ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლები - გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე, დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, ახალის ლიდერები ნიკა მელია და ნიკა გვარამია იმყოფებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ასევე დაგეგმილია შეხვედრა სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი გახარიას პარტია - საქართველოსთვის წარმომადგენლებს შორის.
ქართული ქარტია, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.
ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმად, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.
ქარტიაში საუბარია "ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.
რომელმა პარტიებმა მოაწერეს პრეზიდენტის ქართულ ქარტიას ხელი - სია