სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც წლიური მოხსენებით წარსდგა, უკრაინის ელჩის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა.
ამ ფაქტმა ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის უკამყოფილება გამოიწვია.
პრეზიდენტის გამოსვლამდე მან სიტყვა ითხოვა და თქვა, რომ "გარკვეული უხერხულობა შეიქმნა მისიის წარმომადგენელთან დაკავშირებით, რომელთანაც უკაცრავად, მე მინდა, მას სოლიდარობა და პატივისცემა გამოვხატო. მაგრამ როდესაც ინსტიტუტის პატივისცემას ვერ ვხედავთ, ეს ცუდია".
მოგვიანებით, სიტყვით გამოსვლისას, მდინარაძემ თავისი წინა განცხადება დააზუსტა:
„მე გარკვეული საყვედურნარევი ტონი მქონდა პროცედურასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, მედიის გასაგონად ვამბობ, რომ გაუფრთხილებლად, სიტყვა არის მთავარი – გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ პატივცემული უკრაინის წარმომადგენელი სხდომათა დარბაზში, გაუფრთხილებლად მიწერეთ წერილი საქართველოს პარლამენტს და ინსტიტუტის უპატივცემულობაა, ჩემი აზრით, ეს. უკაცრავად, თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება, ეს უნდა აღინიშნოს აუცილებლად.
ეს „გაუფრთხილებლობა“ სიტყვა გამოტოვეს ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებმა და თითქოს ჩვენ პრეტენზია გამოვთქვით იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ შემობრძანდით უკრაინის წარმომადგენელთან ერთად საქართველოს პარლამენტში, ამას აკეთებენ ახლა, როცა თქვენ ჩვენ მოგვიწოდებთ ერთობისაკენ". - თქვა მდინარაძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი 1-ლ მარტს გაიწვია. მიზეზად მან ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში გამგზავრებისთვის ხელის შეშლა და სანქციების არშეერთებაზე საქართველოს "ამორალური პოზიცია" დაასახელა.