პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტისა და თბილისის მერის კახა კალაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ზურაბიშვილმა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, კახა კალაძის საარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა იმით, რომ არ იყო გამოყენებული სიძულვილის ენა და რიტორიკა, ორიენტირებული იყო საქმეზე და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე.
ამასთან, თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის წინ თბილისში გაჩნდა "სისხლიანი" ბანერები წარწერით: "არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს". მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ გამოსახული, სისხლის შხეფების ფონზე.
წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაც იყო.
ბანერზე, ასევე გამოსახული იყო ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერს გადააკრეს.