logo
ENG



პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში 18 ოქტომბერს დაიწყება

17 ოქტ 202312:54
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პროცედურის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ საკითხზე კენჭისყრა ბოლოს იქნება, მანამდე კი პროცედურა იმპიჩმენტის წარდგინების მომხსენებლის და პრეზიდენტის გამოსვლას, კითხვა-პასუხის რეჟიმსა და დასკვნით სიტყვას ითვალისწინებს.

როგორც გუშინ, 16 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას პარლამენტში მისვლას აპირებს.

"რაც შეეხება განხილვის ფორმას, არის პირველი მოსმენით საკითხის განხილვის მსგავსია - წარდგინების ავტორებიდან მომხსენებელი გამოვა და წარმოადგენს თავის პოზიციას, შემდეგ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტს შეუძლია მოიწვიოს შესაბამისი თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. როგორც ჩანს, პრეზიდენტს სურს მონაწილეობის მიღება, ველით საბოლოო პასუხს. როგორც თანამომხსენებელი, შემდეგ გამოდის შესაბამისი თანამდებობის პირი.

როგორც მომხსენებელთან, ისე თანამომხსენებელთან არის კითხვების და დაზუსტებების შესაძლებლობა. როგორც პირველი მოსმენით განვიხილავთ ხოლმე. ამის შემდეგ პირველ მოსმენაში გათვალისწინებულია ხოლმე კომიტეტების გამოსვლა, მაგრამ ვინაიდან, დარგობრივი მოსაზრებები აქ არ არის რელევანტური, კომიტეტის გამოსვლები არ იქნება ა გადავალთ უკვე უფრაქციო წევრების, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების გამოსვლაზე და ამის ბოლოს დასკვნითი სიტყვის შესაძლებლობა ექნება მომხსენებელს, თუმცა არა თანამომხსენებელს. ეს იქნება პროცედურა, რომლის განხილვის შემდეგ გვექნება კენჭისყრა"- თქვა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტს 100 ხმა სჭირდება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.

სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.


close დახურვა