logo
ENG



პრეზიდენტმა 9 აპრილის და მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ქალები ღირსების მედლით დააჯილდოვა

09 აპრ 202313:00
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის სიმბოლო, გოგონა დროშით - ნანა მახარაძე და ქალი ევროკავშირის დროშით - ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა.

"ეს ჯილდო ეძღვნება ყველა იმ ქალს, 9 აპრილის ქალებს და ყველა იმ ქალს, ვინც ამ და სახვა პერიოდებში იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს მომავლისთვის. ეს ორნი არიან ამის სახეები“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულის ამაღლებისთვის ნანა მახარაძე ღირსების მედლით დაჯილდოვდა.

„ეს 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ იმიტომ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, სადაც იყო თავისუფლება და სადაც იყო ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის. დიდი მადლობა და ყოველთვის ვიქნები ჩვენი ქვეყნის სამსახურში“ - განაცხადა ნანა მახარაძემ დაჯილდოებისას.

საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის ქალი ევროკავშირის დროშით - ნანა მალაშხია დაჯილდოვდა ღირსების მედლით.

„მინდა, მადლობა ვუთხრა აქციის თითოეულ მონაწილეს, რომელიც გამოვიდა რუსული კანონის წინააღმდეგ და დაიცვა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, რომ დღეს დგახართ საქართველოს მოქალაქეების გვერდით და კარგად გესმით ჩვენი ხალხის დაკვეთა - გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. იმ ევროპული ოჯახისა, სადაც არსებობს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებისგან, სადაც სრულად დაცულია მედიის თავისუფლება, ქალთა უფლებები, უმცირესობების უფლებები“ - განაცხადა ნანა მალაშხიამ.


close დახურვა