logo
ENG



პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა

07 ნოე 202316:01
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში ჩავიდა. მან ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

პრეზიდენტმა სოფელი მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. 

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს  ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა