logo
ENG



პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის 4 კანდიდატურა წარუდგინა

27 დეკ 202219:52
3 წუთის საკითხავი
 
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის 4 კანდიდატურა წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად 4 კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - რუსუდან ქურდიანისა და თამაზი ფოლადაშვილის კანდიდატურები.

რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე ცხადდება კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია.

"საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს N 05/08/01 განკარგულებით ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე გამოცხადებულ კანდიდატთა შესარჩევ ხელახალ კონკურსში მონაწილეობდა სულ 3 კანდიდატი, რომელთაგან 2 კანდიდატს საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 22 დეკემბერს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან ცესკოს ასარჩევ წევრთა დარჩენილ რაოდენობაზე ორჯერ მეტი კანდიდატურა სახეზე არ არის, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 27 დეკემბრის N 27/12/03 განკარგულებით, ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე ცხადდება კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან ცესკოს ასარჩევ წევრთა დარჩენილ რაოდენობაზე ორჯერ მეტ კანდიდატურას.

ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

22 დეკემბერს პარლამენტმა ცესკოს ახალი თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები ვერ აირჩია.


close დახურვა