logo
ENG



პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა კონკურსისთვის განკარგულება გამოსცა

01 ივლ 202123:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/01/yxrxec946yp8pqr.jpg

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა.

განკარგულებით გამოცხადდა ღია კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად. ასევე, პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან:

გიორგი კლდიაშვილი - ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე;

ნიკოლოზ სიმონიშვილი - ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;

თათია ქინქლაძე - ა(ა)იპ - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგა-დოების პროექტის კოორდინატორი;

ლევან ნატროშვილი - ა(ა)იპ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერი;

არნოლდ სტეფანიანი - ა(ა)იპ - კავშირი საერთო - სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე;

ზვიად გაბისონია - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი;

მარინე ჩიტაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;

სოფიო მიდელაშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის მდივანი;

გიორგი იაშვილი - სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის  სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი;

რევაზ კლდიაშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი;

შალვა ქურდაძე - ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

კომისიამ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების შერჩევა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა.

ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კონკურსის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 30 ივნისს თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ თანამდებობაზე ყოფნა კიდევ ორ წელზე მეტი ხნით შეეძლო, თუმცა, მიაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. ჟვანიას თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, გაყალბებაში მონაწილეობა კი თავად ჟვანიამ მიიღო.

 

close დახურვა