logo
ENG



პრემიერის მრჩეველი: საქართველოს მიმართულებებია, გახდეს უფრო ციფრული, თანამედროვე და მწვანე

07 მაი 202111:55
3 წუთის საკითხავი
 
პრემიერის მრჩეველი: საქართველოს მიმართულებებია, გახდეს უფრო ციფრული, თანამედროვე და მწვანე

პრემიერ-მინისტრის ახლადწარდგენილმა მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა, რომ საქართველოს მიმართულებებია, გახდეს უფრო ციფრული, უფრო თანამედროვე და მწვანე. მრჩევლის აღნიშვნით, მისი როლია, საქართველოს მთავრობას დაეხმაროს რესურსების მობილიზაციის გზების ძიებაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჰუდაკმა განაცხადა, რომ თავად არის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით და ამ პროგრამისთვის 50 მილიარდი ევრო გამოიყო.

"2 ძირითადი ასპექტი გააჩნია ამ პროგრამას, ერთი გახლავთ გაციფროვნება და მეორე - მწვანე ან გარემოსდაცვითი მიმართულება, კლიმატის ცვლილების დაძლევა.

ეს არის საქართველოს მიმართულებებიც - გახდეს უფრო ციფრული, უფრო თანამედროვე და უფრო მწვანე. მიმაჩნია, რომ ამით საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას და ეს არის საქართველოს მთავრობის ძირითადი მისწრაფებაც.

ამ პროცესში, ყველა ამ გამოწვევასთან ბრძოლის საქმეში ეკონომიკური გუნდის ყველა მინისტრს შევხვდი, სხვადასხვა გამოწვევა და სხვადასხვა საჭიროება შევისწავლე. სახელმწიფო რესურსები არაა საკმარისი ყველა ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სხვა რესურსებიც იყოს მობილიზებული და კერძო სექტორიც იყოს ჩართული ამ პროცესში.

სწორედ ამაში ვხედავ ჩემს როლს, რომ დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც მოხდება სხვა რესურსების მობილიზაცია", - აღნიშნა ვაზილ ჰუდაკმა.

დღეს, 7 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციიების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი, ვაზილ ჰუდაკი წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვაზილ ჰუდაკი კარგად იცნობს საქართველოს.


close დახურვა