საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, მოხდეს მხოლოდ მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე - ოჯახის ექიმთან კონსულტაციით, ან კოვიდსასტუმროებში, სადაც უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა სამედიცინო მეთვალყურეობა.
"შეხვედრაზე ერთობლივად აღინიშნა, რომ მობილობის შემცირების მიზნით საჭიროა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები. აქვე ხაზი გაესვა, რომ საუბარი არ ეხება საყოველთაო ლოკდაუნს". ასევე კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის მნიშვნელობაზე, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციას უწყობს ხელს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, ექიმი-ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი, ექიმები - გიორგი გოცაძე და ზურაბ გურული. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შვეიცარიიდან შეუერთდა გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე, ასევე - ესტონეთში მოღვაწე ექსპერტი ზაზა წერეთელი.
ჯამში, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსის 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 68 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 778 კი გარდაიცვალა.