logo
ENG



პრიგოჟინის აჯანყება - განახლებადი

24 ივნ 202322:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/5xa4he619k03yn3.jpg

ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ბანაკების დაბომბვასა და მებრძოლების მკვლელობაში დაადანაშაულა.

პრიგოჟინმა დაიმუქრა, რომ "ბოროტებას შეაჩერებს". მისი სიტყვები სამხედრო გადატრიალების მცდელობად აღიქვეს.

თვითონ პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია". 

პრიგოჟინის სიტყვების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს. უსაფრთხოების სამსახურმა შეიარაღებული აჯანყების მოწოდებაზე გამოძიება დაიწყო.

 

პრიგოჟინი აცხადებს, რომ აჯანყებას აჩერებს

24.06 - 21:43

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ აჯანყებას აჩერებს. მისი თქმით, ძალებს უკან, საველე ბანაკებში აბრუნებს.

 

ლუკაშენკოს პრესსამსახური: პრიგოჟინი დათანხმდა ლუკაშენკოს შეთავაზებას ვაგნერის შეჩერებაზე

24.06 - 21:25

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელს ევგენი პრიგოჟინს ესაუბრა. ინფორმაციას ბელარუსული მედია ლუკაშენკოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოსგან შეთავაზება ვაგნერელების მოძრაობის შეჩერებასა და დაძაბულობის დეესკალაციაზე. თავად პრიგოჟინი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს. 

ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, პრიგოჟინმა მიიღო შეთავაზება ვაგნერელების მოძრაობის შეჩერებაზე და დაძაბულობის დეესკალაციაზე.

 

BBC: ვაგნერის კოლონის შესაჩერებლად მოსკოვისკენ მიმავალ გზებს მძიმე ტექნიკით ანგრევენ

24.06 - 21:35

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება იმისთვის, რომ ვაგნერის სამხედრო კოლონის მოსკოვში შესვლა შენელდეს, მოსკოვის მოსაზღვრე რეგიონებში გზებზე მოძრაობას აფერხებს, კეტავს ან ზოგ შემთხვევაში გზებს ანგრევს.

BBC-ის გუნდმა დაადასტურა იმ ვიდეოს ნამდვილობა, სადაც ჩანს რომ მძიმე ტექნიკას და ტრაქტორებს იყენებენ იმისთვის, რომ ლიპეცკის რეგიონში მოსკოვისკენ მიმავალი გზა დაანგრიონ.  

 

RIA: დონის როსტოვში სამხრეთის სამხედრო დასახლების შტაბთან ახლოს ვაგნერელები ისვრიან

24.06 - 21:19

რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული გამოცემა Ria Novosti-ის ინფორმაციით, დონის როსტოვში სამხრეთის სამხედრო დასახლების შტაბთან ახლოს ვაგნერის სამხედროები ისვრიან.

RIA-ს ცნობით, ბუდენოვსკისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე, სადაც სამხრეთის სამხედრო დასახლების შტაბი მდებარეობს, თავდაპირველად 5-ჯერ, შემდეგ კი 3-ჯერ, სავარაუდოდ, ჰაერში ისროლეს.

მოსკოვში მომავალ კვირაში ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა

24.06 - 20:23

მოსკოვის რეგიონის ხელისუფლების ცნობით, ღია ცის ქვეშ 1-ელ ივლისამდე დაგეგმილი ყველა მასობრივი ღონისძიება გაუქმდა.

 

მოსკოვის მერის თქმით, "რისკების შესამცირებლად" მოსკოვში ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოცხადდა

24.06 - 19:37

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ცნობით, "რისკების შემცირების მიზნით" მოსკოვში ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოცხადდა.

სობიანინმა ტელეგრამზე დაწერა, რომ მოსკოვში კონტრტერორისტული საოპერაციო რეჟიმია გამოცხადებული და რუსეთის დედაქალაქში "რთული სიტუაციაა".

მერმა მოსკოვის მოსახლეობას მოუწოდა, ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

 

ბჟანია: პუტინის მონდომების წყალობით, რუსეთში მიმდინარე მოვლენები წარმატებით დასრულდება

24.06 - 18:59

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას განცხადებით, რუსეთში მიმდინარე მოვლენები, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წყალობით, წარმატებით დასრულდება.

"ვაგნერის ლიდერების მიერ განხორციელებულ შეიარაღებულ აჯანყების მცდელობასთან დაკავშირებით, მე ვუცხადებ ჩემს სრულ მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს კანონისა და წესრიგის დამყარების მიზნით.

დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ პუტინის მონდომებისა და სიბრძნის წყალობით, [რუსეთში] მიმდინარე მოვლენები წარმატებით დასრულდება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად", - ამბობს ბჟანია.

ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა მოუწოდა აფხაზეთის მოქალაქეებს, "არ დაემორჩილონ პროვოკაციებს და არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო ქმედებებში".

 

როსკომნადზორი რუსეთის მოსახლეობას ინტერნეტზე შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

24.06 - 18:40

როსკომნადზორი - რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის სააგენტო, მოსახლეობას ინტერნეტზე შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს.

სააგენტოს წარმომადგენელმა RBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ინტერნეტის მუშაობაზე შეზღუდვები, შესაძლოა, იმ რეგიონებში დაწესდეს, სადაც "კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს".

როსკომნადზორის თქმით, ამ ტერიტორიებზე ტელეგრამის გამოყენება ამ დროისთვის არაა შეზღუდული.

RBC-ს ცნობით, დღის განმავლობაში სოციალური ქსელი ტელეგრამი შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლები საუბრობენ ინტერნეტთან წვდომის პრობლემებსა და მესიჯების გაგზავნისას შეფერხებებზე.

 

Tass: ხელისუფლებამ ვაგნერის ამბოხებულებს დანებების შემთხვევაში ამნისტია შესთავაზა

24.06 - 18:23

რუსეთის სახელისუფლებო პროპაგანდისტული გამოცემა Tass რუსეთის ხელისუფლებაში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ხელისუფლებამ ვაგნერის ამბოხებულებს ამნისტია შესთავაზა თუ ისინი დანებდებიან.

ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსეთის ხელისუფლება ვაგნერს მოუწოდებს, გადაწყვეტილება დროულად მიიღოს.

 

რუსეთი ადასტურებს, რომ ვაგნერის ჯგუფის კოლონა ლიპეცკის რეგიონში გადაადგილდება

24.06 - 17:54

რუსული სახელმწიფო, პროპაგანდისტული გამოცემა Ria Novosti-ს ცნობით, ვაგნერის ჯგუფის სამხედრო კოლონა ლიპეცკის რეგიონში გადაადგილდება.

ინფორმაციას ადასტურებს ლიპეცკის გუბერნატორი იგორ არტამონოვიც. 

ლიპეცკის გუბერნატორი აცხადებს, რომ "ყველა საჭირო ზომას იღებენ, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყონ".

მანამდე BBC-მ დაადასტურა რომ ვაგნერის ჯგუფის საბრძოლო ტრანსპორტი M4 მაგისტრალზეა, რომელიც ვორონეჟს მოსკოვთან აკავშირებს - ეს გზა ლიპეცკის რეგიონზე გადის.

 

სამხედრო მდგომარეობის დარღვევის შემთხვევაში პატიმრობა - რუსეთში ახალი კანონი მიიღეს

24.06 - 17:40

რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული გამოცემა Ria Novosti-ს ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილას გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობის დარღვევის შემთხვევაში სასჯელის ზომად 30-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.

 

კულება: დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულს

24.06 - 17:29

"ისინი, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ძალიან ძლიერია დასაკარგავად: შეხედეთ ახლა. დროა, უარი თქვან ცრუ ნეიტრალიტეტზე და ესკალაციის შიშზე. მიეცით უკრაინას ყველა საჭირო იარაღი. დაივიწყეთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულს, მაგრამ ძალიან ეშინიათ მისი დამხობის", - წერს Twitter-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

 

Der Spiegel: მოსკოვიდან, მათ შორის, თბილისისკენ ავიაბილეთები სრულად გაყიდულია

24.06 - 17:17

გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, მოსკოვიდან ფრენებზე ბილეთები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თბილისისკენ, სრულად გაყიდულია. 

გამოცემის თქმით, მოსკოვთან ვაგნერის ძალების მიახლოების ფონზე ბილეთები მოსკოვიდან თბილისის, ასტანას და სტამბულის მიმართულებით პირდაპირ ფრენებზე ხელმისაწვდომი აღარაა. 

მათივე ცნობით, Flightradar24-ის პლატფორმაზე ასევე შენიშნეს რამდენიმე კერძო ფრენა რუსეთიდან, რაც შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ მოსკოვს რუსეთის ელიტა ტოვებს.

 

უკრაინის დაზვერვა: პუტინმა მოსკოვი დატოვა, ის ნოვგოროდის ქალაქ ვალდაიში გადაჰყავთ

24.06 - 17:02

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვი დატოვა და ის ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ ვალდაიში გადაჰყავთ.

ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Pravda უკრაინის დაზვერვიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ჩვენ უკვე გვაქვს მონაცემები, რომ პუტინი ტოვებს მოსკოვს. ის ვალდაიში მიჰყავთ" - აცხადებს წყარო გამოცემასთან.

პუტინის პრესსამსახურმა დმიტრი პესკოვმა უარყო ეს ინფორმაცია  და განაცხადა რომ პუტინი "კრემლში მუშაობს".

უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ აქვთ ინფორმაცია მოსკოვში პანიკაზე და მათი ცნობით, რუსეთის ძალები მოსკოვთან მისასვლელ ხიდებთან ძალების მობილიზაციისთვის ემზადებიან.

 

BBC: ვაგნერის ჯავშანტრანსპორტის კოლონა მოსკოვის სამხრეთით შენიშნეს

24.06 - 16:25

BBC-ის ცნობით, ვაგნერის ჯავშანტრანსპორტის კოლონა მოსკოვის სამხრეთით შენიშნეს. 

BBC-ის გუნდმა დაადასტურა იმ ვიდეოს ნამდვილობა, რომელშიც ჩანს როგორ მიემართება ვაგნერის ჯგუფის საბრძოლო ტრანსპორტი M4 მაგისტრალზე, რომელიც ვორონეჟს მოსკოვთან აკავშირებს. გამოცემის ცნობით, ეს გზა ლიპეცკის რეგიონზე გადის.

 

დონის როსტოვში, სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბ-ბინასთან აფეთქება მოხდა

24.06, 15:54

დონის როსტოვში სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბის შენობის მახლობლად სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემები ავრცელებენ.

როგორც ცნობილია ამის შემდეგ ვაგნერელებმა შეკრებილი მოქალაქეების დაშლას ცდილობდნენ.

24 ივნისს ვაგნერმა განაცხადა, რომ დონის როსტოვში სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბ-ბინას აკონტროლებს.

 

"დაიკეტოს საზღვარი რუსეთთან" - კვირას, 20:00 საათზე აქცია გაიმართება

24.06, 15:30

რუსეთში მიმდინარე მოვლენებისა და ევგენი პრიგოჟინის აჯანყების პარალელურად, თბილისში აქცია დაიგეგმა. მოქალაქეები კვირას, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და რუსეთთან საზღვრის დაკეტვას მოითხოვენ.

 

შსს: დარიალის სასაზღვრო პუნქტზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს

24.06, 15:28

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დარიალის სასაზღვრო პუნქტზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

"მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ დარიალზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში.

ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის", - აცხადებენ უწყებაში.

 

ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა

24.06, 15:17

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევი რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა. ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამასთან, ცნობილია, რომ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების ფონზე, ვლადიმირ პუტინმა დღეს სატელეფონო საუბარი გამართა უზბეკეთისა და ბელორუსის ლიდერებთან. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"პრეზიდენტმა თანამოსაუბრეებს გააცნო სიტუაცია", - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

 

ზურაბიშვილი: ვაკვირდები რუსეთის მოვლენებს, საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს

24.06, 14:57

"ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით", - წერს ტვიტერზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

 

 

 

სოლოვიოვი: გაჩერდით, სანამ გვიანი არაა, არაფერია სამოქალაქო ომზე საშინელი

14:50

"მძიმე დროა, არ ველოდი თუ ამას მოვესწრებოდი. ქვეყანა ომობს. ახლა ზაპოროჟიედ ვბრუნდები. ჩემი თვალებით ვნახე ნამდვილი გმირები. ბევრს დავდივარ. "მუზიკანტებთან" ვიყავი სოლედარში, არტიომოვკაში, ნამდვილი გმირები ვნახე ზაპოროჟიეში, ხერსონში, დონეცკსა და ლუჰანსკში [...]. დრეს ყველა კითხვა, რომელიც მოვისმინე, იყო იმაზე, რა ხდება სახლში? 25 ათასი ადამიანი ძალიან გამოგვადგებოდა ფრონტზე. მარში? მარში აუცილებელია ლვოვისკენ, კიევისკენ და თუ საჭირო იქნება კიდევ უფრო შორს. მაგრამ როდესაც უყურებ, რა ხდება და ფიქრობ, რა მომხდა, აჯანყება, მუსილონის მარში რომზე, რაზე ვსაუბრობთ? ჩვენ ხომ რუსი ხალხი ვართ, ჩვენ ხომ სამშობლო გვიყვარს. [...] ბიჭებო, გონს მოეგეთ, მტერი იქაა, კიევში. გაჩერდით, სანამ გვიანი არაა, ქვეყანა არ დავკარგოთ. არაფერია სამოქალაქო ომზე საშინელი", - ამბობს რუსი პროპაგანდისტი ვიდეომიმართვაში. 

 

სუნაკი: ბრიტანეთი და მოკავშირეები დღეს განიხილავენ რუსეთში სიტუაციას

14:31

გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას რუსეთში. პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა ყველა მხარეს პასუხისმგებლობისკენ და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და კონტაქტზე ვართ ჩვენს მოკავშირეებთან. ზოგიერთ მათგანთან მოგვიანებით მექნება საუბარი. ახლა მთავარია ყველა მხარისთვის პასუხისმგებლობის გამოხატვა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც ამჟამად შემიძლია", - განუცხადა სუნაკმა BBC-ს.

 

"ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ინადგურებს" - ზელენსკი

24.06, 14:24

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთში ევგენი პრიგოჟინის აჯანყებას ეხმაურება - მისი თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი სისუსტე იმდენად აშკარაა, რომ მას ვერავითარი პროპაგანდით ვეღარ შენიღბავენ.

"დიდი ხნის განმავლობაში, რუსეთი საკუთარი სისუსტისა და მისი მთავრობის სისულელის შესანიღბად პროპაგანდას იყენებდა და ახლა ისეთი ქაოსია, არავითარ ტყუილს არ შეუძლია მისი დამალვა. რუსეთის სისუსტე აშკარაა - სრულმასშტაბიანი სისუსტე", - ამბობს ზელენსკი.

 

 

მედვედევი: ჩვენ არ დავუშვებთ, მტერი დამარცხდება! გამარჯვება ჩვენი იქნება!

24.06, 14:21

"ახლა ყველაზე მთავარია გარე და შიდა მტრის დასამარცხებლად, რომელსაც სწყურია ჩვენი სამშობლოს განადგურება, ჩვენი სახელმწიფოს გადასარჩენად - პრეზიდენტის, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის გარშემო შემოკრებაა. განხეთქილება და ღალატი - გზა უდიდესი ტრაგედიისაკენ, საყოველთაო კატასტროფისკენ. ჩვენ არ დავუშვებთ. მტერი დამარცხდება! გამარჯვება ჩვენი იქნება!" - ამბობს დმიტრი მედვედევი.

 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ერთიანობისკენ მოუწოდა და მხარი დაუჭირა პუტინის ძალისხმევას

24.06, 14:07

"საერთო საფრთხის წინაშე უნდა შენარჩუნდეს ერთიანობა, დაძლიო წყენა და პირადი ამბიციები. მე მხარს ვუჭერ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში არეულობის თავიდან ასაცილებლად", - ამბობს პატრიარქი კირილე.

 

რუსეთის ერთ-ერთ მაგისტრალზე შეფერხებაა

24.06, 13:49

ევგენი პრიგოჟინის აჯანყების პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე შეფერხებაა - მძღოლებს მოუწოდებენ, მოერიდონ იმ მარშრუტით სარგებლობას, რადგან ვაგნერის მებრძოლების კოლონები გადაადგილებისთვის მას იყენებენ.

"მძღოლებო, ყურადღება. გთხოვთ, აირჩიოთ M-4-ის მიმდებარე მარშრუტი", - ნათქვამია განცხადებაში.

M-4-ის მარშრუტი ჩრდილოეთით როსტოვიდან ვორონეჟამდე და მოსკოვისკენ გადის.

 

პრიგოჟინი: არავინ აპირებს ჩაბარებას 

24.06, 13:36

ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ ჩაბარებას არავინ აპირებს. მასთან დაკავშირებულ ტელეგრამარხებზე მორიგი აუდიოჩანაწერი გაჩნდა.

"სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ღრმად შეცდა. ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ, და არავინ აპირებს ჩაბარებას პრეზიდენტის, FSB-ს ან ვინმეს მოთხოვნით. იმიტომ, რომ არ გვინდა, რომ ქვეყანამ კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში იცხოვროს", - განაცხადა პრიგოჟინმა.

 

ზახაროვა: ჩვენ გვყავს ერთი მთავარსარდალი, არა ორი ან სამი

24.06, 13:27

"ჩვენ გვყავს ერთი მთავარსარდალი. არა ორი, არა სამი. ერთი. მან ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდა. ეს არის ახლა მთავარი. ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. მაგრამ ისტორიაში დგება მომენტები, როდესაც ჩვენი პირადი შემდგომისთვის უნდა გადავდოთ", - ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. 

 

დუმის სპიკერი: ვაგნერმა ერთადერთ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - თავის ხალხთან ერთად იყოს, ყველაფერი დანარჩენი ღალატია

24.06, 13:23

"სახელმწიფო დუმის დეპუტატები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ინტერესებს წარმოადგენენ, ემხრობიან ძალების კონსოლიდაციას, მხარს უჭერენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს - ჩვენს უზენაეს მთავარსარდალს. ვაგნერის მებრძოლებმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ - იყვნენ თავიანთ ხალხთან, იყვნენ კანონის მხარს, დაიცვან სამშობლოს უსაფრთხოება და მომავალი, შეასრულონ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებები. სხვა ყველაფერი ღალატია!" - ამბობს დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი. 

 

კადიროვი: აჯანყება უნდა ჩაიხშოს, თუ მკაცრი ზომები იქნება საჭირო, მზად ვართ!

24.06, 13:13

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ამბობს, რომ აჯანყება უნდა ჩაიხშოს და თუ ამისთვის მკაცრი ზომებია მისაღები, "ჩვენ მზად ვართ". ამის შესახებ ის ტელეგრამზე წერს.

"არაერთხელ ვთქვი, რომ ომი არაა პირადი წყენისა გახმოვანებისა და ზურგს უკან დავების გადაწყვეტის დრო არაა. ზურგი ყოველთვის მშვიდი და საიმედო უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, როგორ გრძნობენ თავს ახლა სანგრებში მყოფი ბიჭები, რომელთა წინაშე მტერი დგას, მათ ზურგს უკან კი მოღალატეობრივი ავანტიურაა. საუბარია სტაბილურობაზე, სახელმწიფოს ერთიანობაზე, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე", - წერს კადიროვი.

კადიროვის თქმით, მხარს უჭერს პუტინის თითოეულ სიტყვას. 

 

პრიგოჟინი: ყველანი მზად ვართ სიკვდილისთვის

24.06, 13:03

ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი სამხედროები სიკვდილისთვის მზად არიან. ამის შესახებ პრიგოჟინმა ახალ ვიდეოში ისაუბრა.

"ყველა ჩვენგანი მზად ვართ სიკვდილისთვის, ყველა 25 000-ვე, და შემდეგ კიდევ 25 000. ჩვენ რუსი ხალხისთვის ვიხოცებით", - თქვა მან.

 

ევროპელი ლიდერების გამოხმაურებები

24.06, 12:42

ელისეის სასახლის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

"პრეზიდენტი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ჩვენ ორიენტირებული ვრჩებით უკრაინის მხარდაჭერაზე", - წერია განცხადებაში.

მაკრონის მსგავსად, პოლონეთის პრეზიდენტიც აცხადებს, რომ სიტუაციას აკვირდებიან.

"რუსეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ დღეს დილით გავმართეთ კონსულტაციები პრემიერმინისტრთან და ეროვნული თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე, მოკავშირეებთან", - წერს ანჯეი დუდა.

მიმდინარე მოვლენებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ რუსეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ.

 

პოდოლიაკი: ჩვენ რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყებას ვადევნებთ თვალს

 24.06, 12:24

"უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამ საბოლოოდ მოახდინა რუსეთის ელიტის დესტაბილიზაცია, გააღრმავა შიდა განხეთქილება, რომელიც უკრაინაში დამარცხების შემდეგ წარმოიშვა. დღეს ჩვენ რეალურად სამოქალაქო ომის დაწყებას ვადევნებთ თვალს. პრიგოჟინის ჯგუფი იპყრობს სამხედრო ობიექტებს, შტაბებსა და მთელ ქალაქებს, გზაზე თითქმის არ აწყდება წინააღმდეგობას, განაიარაღებს შემთხვევით ჯარისკაცებსა და პოლიციელებს. პუტინი პრიგოჟინს მოღალატედ და უკანონოდ აცხადებს და შესაბამის ბრძანებებს უანონსებს სპეცსამსახურებს, მაგრამ არაფერი ხდება - მმართველობის კრიზისი, ძალაუფლების ფაქტობრივი დაკარგვა. პარალელურად ვაგნერი აგრძელებს ლაშქრობას მოსკოვისკენ. უკრაინა აგრძელებს საკუთარი გზით სვლას. 1991 წლის საზღვრამდე", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი. 

 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა: ბოლო დროს ეს ყველაზე სერიოზული გამოწვევაა რუსეთის სახელმწიფოსთვის

24.06, 12:14

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა წერს, რომ ვაგნერის დაქირავებულმა მებრძოლებმა რუსეთის საზღვარი, სულ მცირე, ორ ადგილში გადაკვეთეს, კონტროლის ქვეშ აიღეს როსტოვის სამხედრო შტაბი, ხოლო ვაგნერელების ნაწილი, სავარაუდოდ, მოსკოვში ჩასვლას ეცდება.

"უახლოეს საათებში კრიზის განვითარებაში რუსეთის უსაფრთხოების ძალების ლოიალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ბოლო დროს ეს ყველაზე სერიოზული გამოწვევაა რუსეთის სახელმწიფოსთვის", - აღნიშნულია ყოველდღიურ მიმოხილვაში.

 

"ამ მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ" - კობახიძე რუსეთზე

24.06, 12:00

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ ამბობს, აპირებს თუ არა მთავრობა რუსეთში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას და აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენებს "უნდა დააკვირდნენ".

"რაც შეეხება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ. ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს", - განაცხადა კობახიძემ.

 

პუტინმა პრიგოჟინის აჯანყებას "ღალატი" უწოდა

24.06, 11:16 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ევგენი პრიგოჟინის აჯანყებას "ღალატი" უწოდა, ასევე "დარტყმა რუსეთზე".

პუტინმა პირობა დადო, რომ ყველას, ვინც აჯანყების გზას დაადგა, "გარდაუვალ სასჯელი ექნებათ".

"დონის როსტოვში ვითარების დასასტაბილურებლად გადამწყვეტი ზომები იქნება მიღებული. ის რჩება რთული - ფაქტობრივად, სამოქალაქო და სამხედრო მართვის ორგანოების მუშაობა დაბლოკილია", - განაცხადა პუტინმა.

"ის, რასაც წავაწყდით - სწორედ ღალატია. გადაჭარბებულმა ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა ღალატი გამოიწვია. ღალატი საკუთარი ქვეყნისა, საკუთარი ხალხისა და საკუთარი საქმისა, რისთვისაც ჩვენს სხვა დანაყოფებთან და ქვედანაყოფებთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ და დაიღუპნენ ვაგნერის ჯგუფის ჯარისკაცები და მეთაურები. გმირები, რომლებიც ათავისუფლებდნენ სოლდერსა და არტიუმოვსკს, იბრძოდნენ და სიცოცხლეს სწირავდნენ ნოვოროსიის გამო, რუსული მშვიდობის ერთიანობისთვის. მათ სახელსა და დიდებას უღალატეს იმათ, ვინც აორგანიზებს აჯანყებას, ვინც ქვეყანას ანარქიასა და ძმათამკვლელებისკენ უბიძგებს. დამარცხებასა და საბოლოო ჯამში, კაპიტულაციისკენ". 

 

ვაგნერის მტკიცებით, კონტროლი დაამყარეს ვორონეჟის სამხედრო ობიექტებზეც

24.06, 11:08

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი ამტკიცებს, რომ კონტროლის აიღეს ვორონეჟის სამხედრო ობიექტებზეც - ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

"ვორონეჟში სამხედრო ობიექტები ვაგნერის კონტროლის ქვეშაა - ჯარი გადადის ხალხის მხარეს", - ნათქვამია ვაგნერის განცხადებაში.

 

გახარია: მოვუწოდებ მთავრობას, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან - საფრთხე რეალურია

24.06, 10:54

"მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.

საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი - ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან. მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო". 

 

რუსეთის თავდაცვა ვაგნერელებს მოუწოდებს, "შეიარაღებულ აჯანყებაში" მონაწილეობაზე უარი თქვან

24.06, 10:25

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთში არსებულ სიტუაციას ეხმაურება და ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს "შეიარაღებულ აჯანყებას" უწოდებს. რუსული უწყება "ვაგნერელებს" მოუწოდებს, მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადონ.

"თქვენ მოტყუებით ჩაგითრიეს პრიგოჟინის კრიმინალურ ავანტიურასა და შეიარაღებულ აჯანყებაში. რამდენიმე რაზმიდან თქვენმა ბევრმა თანამებრძოლმა საკუთარი შეცდომა გაიაზრა და მუდმივი განლაგების პუნქტში უსაფრთხოდ დაბრუნების მიზნით, დახმარება ითხოვა.

გთხოვთ გამოიჩინოთ წინდახედულობა, დაუკავშირდით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ჩვენ ყველას უსაფრთხოების გარანტიებს გაძლევთ", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

 

პრიგოჟინი ამბობს, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტებს აკონტროლებენ

24.06, 10:07

ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ როსტოვში სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის აეროდრომზე კონტროლი აიღეს. მისივე თქმით, მისმა სამხედროებმა 3 რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

"შტაბ-ბინაში ვართ დილის 7:30 საათზე, სამხედრო ობიექტები როსტოვში, მათ შორის აეროდრომი, ჩვენი კონტროლის ქვეშაა", - განაცხადა მან.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უახლოეს ხანებში მიმართვა ექნება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ისაუბრა.

 

მოსკოვის მერი: მადლობა მოსკოველებსა და ქალაქის სტუმრებს გაგებისთვის

24.06, 10:32

რუსეთის სახელმწიფო გამოცემები მოსკოვის მერის განცხადებას ავრცელებენ:

"მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია შემოღებული. ამასთან დაკავშირებით გაუქმებულია მანამდე გამოცხადებული მასობრივი ღონისძიებები. ყველა საქალაქო სამსახური მუშაობს სრული დატვირთვის, ქალაქში გადაადგილება შეფერხებული არაა".

 

მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა

24.06, 10:06

ამის შესახებ საუბარია ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში. რეჟიმი რუსეთის დედაქალაქში და მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში შემოიღეს.

 

close დახურვა