განახლდება თუ არა საპროტესტო აქციები - „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიები იკრიბებიან. ხელისუფლების ოპონენტები, მმართველ გუნდთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ფორმულანიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მთავარი განსახილველი საკითხები იქნება, თუ როგორ უნდა ჩამოაშორონ ხელისუფლებას „ქართული ოცნება“.
„მთავარი საკითხი არის შემდეგი, რომ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ უნდათ, გამოგვტაცონ სახელმწიფო, გაგვაღარიბონ, ისევ და ისევ ტყუილი, მანიპულაცია, გადაგდება - ამ გზით უნდა, რომ იარონ. ჩვენ ვართ ერთიანები, ჩვენს ერთიან პოზიციას მთლიანად უჭერს მხარს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. მთავარი ამოცანა გვაქვს, რომ გამოვტაცოთ ხელისუფლებას ხელიდან ამ დაქცევის გზაზე მიმავალი ქვეყანა. 8-წლიანი მმართველობის პერიოდში ყველა სექტორში გავღარიბდით. კერძო სექტორში სამუშაო ადგილები შემცირდა, შემოსავალი - საშუალო ხელფასი შემცირდა, ისინი კარგად ცხოვრობენ - ხალხი ღარიბდება. ახალ უნდათ, რომ ამ ტყუილებით იცხოვრონ ისევ. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ერთიან პოზიციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არ შევხვედრილვართ დიდი ხანია, გვექნება ამაზე მსჯელობა და ყველამ უნდა გადაწყვიტოს, ან ხალხის მხარეს ყოფნა, ან ივანიშვილის“, - განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება კითხვას, გააგრძელებს თუ არა ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მმართველი გუნდის მხრიდან შეთანხმების ორივე პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვაშაძემ აღნიშნა, რომ აქციები გაგრძელდება და ამასთან ერთად, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
„ვადასტურებ, რომ ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს მხოლოდ ერთი ნაწილის შესრულებას. პრინციპული და მნიშვნელოვანია, რომ ორივე კომპონენტი შეთანხმების შესრულდეს - როგორ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, ისევე საარჩევნო სისტემა. ამაზე შევთანხმდით ჩვენ და მერამდენედ უნდა ამ ადამიანს, რომ მოგვატყუოს? მათ სურთ ძალაუფლება მიიტაცონ ისევ, გააღარიბონ ხალხი და თვითონ გამდიდრდნენ. ტაშ-ფანდურებში არიან. კომენდანტის საათს არ ხსნიან იმიტომ რომ ხალხი იქეიფებსო, ვის ექეიფება?! ხალხი მშიერია, შემოსავალი არ აქვთ. ექეიფებათ მაგათ და ახლა უნდათ, რომ ეს ქეიფი და დროს ტარება გააგრძელონ ჩვენს ხარჯზე. ჩვენ ვართ სპეციფიურ პირობებში, მაგრამ სტრატეგია გვაქვს, როგორ უნდა ვიმუშაოთ. მათ ეგონათ, რომ კორონავირუსს ამოეფარებოდნენ უკან და თითქოს შეუმჩნეველი დარჩებოდა დასავლეთისთვის კიდევ ერთი ტყუილი და თაღლითობა, რასაც ცდილობენ. კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებებში შავით თეთრზეა ყველაფერი მითითებული. ამიტომ არ გაუვათ ეს ტყუილი და თაღლითობა“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეხვედრას როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრის შემდეგ ისინი სავარაუდოდ ერთობლივ განცხადებასაც გაავრცელებენ.