logo
ENG



პროდუქტი გვილპება, ღორებს ვაჭმევთ - მარნეულში ჰუმანიტარული კრიზისია

22 აპრ 202020:06
3 წუთის საკითხავი
 

საკარანტინო წესების დარღვევისა და მწვავე საპროტესტო აქციის ფასად მოიპოვეს მარნეულელმა ფერმერებმა ხელისუფლებისგან დახმარების პირობა. ადგილობრივების მიერ გადაკეტილი ცენტრალური მაგისტრალი ახლა გახსნილია. 5 სოფლის მოსახლეობა კი პროტესტის გზით გახდა იძულებული, მოეთხოვა, იმ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჩაბარების უფლება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში საკარანტინო ზონად გამოცხადებული  მარნეულის მცხოვრებლებისთვის ოჯახების გამოკვების ერთადერთი წყაროა. აქცია რამდენიმე სოფელში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა, სოფელ შულავერთან ასეულობით ადგილობრივი შეიკრიბა და გზა გადაკეტეს. გადამზიდავ ტრაილერებს გადაადგილების საშუალებებს არ აძლევდნენ. მეზობელი სოფლებიდან ხალხი აქციას ველოსიპედებითა და ფეხით უერთდებოდნენ. 

გზის გადაკეტვასთან ერთად მოსახლეობამ აქციაზე პროდუქციაც გადაყარა, რომელიც მოიყვანეს, მაგრამ ჩაკეტილი მუნიციპალიტეტის გამო სახლში ულპებათ. მხოლოდ დღის ბოლოს დაჰპირდა მათ გუბერნატორი მოსავლის გასაყიდად წაღებას, მანამდე კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ შიმშილის ზღვარზე მისულ მოქალაქეებს უთხრა, რომ ისინი გამონაკლისს არ წარმოადგენენ და ასე შიმშილობს ყველა. „ქართული ოცნების“ გუნდმა ჯერ აქციაზე, შემდეგ კი საპარლამენტო ტრიბუნებიდან უშემოსავლოდ დარჩენილი მოქალაქეების აქციას პოლიტიკურად მართული უწოდა. აქციის ამსახველი მასალა „ფორმულას“ კოლეგებმა მოგვაწოდეს რადიო მარნეულიდან. 

ქვემო ქართლის გუბერნატორი დღეს ჟურნალისტებს უმტკიცებდა , რომ მარნეულელებს პრობლემები არ აქვთ და ეპიდეემიის პიკის დროს, ისინი ქუჩაში პოლიტიკური დაკვეთით გამოვიდნენ. მან ადგილობრივი მოსახლეობა და ოპონენტები გარიგებაში დაადანაშაულა. 

ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ აქციის ორგანიზებასთან შეხება არ ჰქონიათ, იცოდნენ, რომ ადგილობრივ ფერმერებს მიწის დამუშავებისა და მოსავლის რეალიზაციის პრობლემა ჰქონდათ. საპროტესტო აქციის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს. 

მარნეულში ჰუმანიტარული კრიზისია - წერია „ადამიანის უფლებებისა და სწავლების ცენტრის მონიტორინგის“ დასკვნაში. თამთა მიქელაძე ამბობს, რომ 100-მდე ოჯახი შეისწავლეს და უმეტეს მათგანში პირველადი საჭიროების სურსათისა და მედიკამენტების ნაკლებობა აქვთ. EMC მთავრობას მიმართავს, შეიმუშაოს შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახების დახმარების პროგრამები. 

შეგახსენებთ, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები თითქმის 1 თვეა მკაცრ საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული. დაწესებული შეზღუდვების გამო, ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციის კუთხით პრობლემები შეექმნათ.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების მიუხედავად, აქციაზე დღეს ათობით ადამიანი მივიდა და დაწესებული რეკომენდაციები პრაქტიკულად, დაცული არ ყოფილა. აქციის მონაწილეთა უმრავლესობას არც პირბადე და არც ვირუსისგან დაცვის სხვა საშუალებები ჰქონდა.


close დახურვა