პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით ფულის გათეთრების საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქისა და ორი იურიდიული პირის მიმართ დაიწყეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ მცხოვრები პირების კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.
"წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბრალდებულები და მათთან კავშირში მყოფი პირები, გამოგონილი სახელებით უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ არარსებული საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებად, შედიოდნენ მათთან ნდობაში და თითქოსდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ საფონდო ბირჟაზე არსებული კომპანიების აქციების შესაძენად საჭირო თანხებს საქართველოში მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ ფიქტიურად დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე არიცხინებდნენ.
აღნიშნული გზით, ბრალდებულები ფიზიკური პირების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს, დაახლოებით 150 000 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, შემდგომში ბრალდებულებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ყალბი ინვოისების საფუძველზე, თანხები საზღვარგარეთ მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზეა დაწყებული, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
ბრალდებულ ფიზიკურ პირებს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უკვე შეეფარდათ.