logo
ENG



პროკურატურა: FBI მხოლოდ შტატებში მომხდარ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებს

04 სექ 202015:15
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვა იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ FBI მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე მათთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებს. 

პროკურორის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლება მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს გააჩნია.

"ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ფედერალური ბიუროს წარმომადგენელთან, ატაშესთან, რომლისგანაც მივიღეთ განმარტება, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები იძიებენ მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე მათთან დაკავშირებულ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს. შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს და ჩვენ ვატარებთ ამ საქმეზე სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას", - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ FBI-მ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვაზე უარი განაცხადა. ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვას ოჯახმა მოითხოვა. გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქართულ საგამოძიებო ორგანოებს FBI-ის ჩართვა არ უნდა, რადგან საქმეში "მათი ხელი ურევია".

მისივე განცხადებით, თუ FBI ჩამოვა და დაუდებს დასკვნას, რომ ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, დაიჯერებს.

დღესვე პროკურატურამ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატები.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.


close დახურვა