საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გიორგი დვალიშვილის განცხადების საფუძველზე 2019 წლის 7 ნოემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით.
„მედიაში გავრცელებულ ჩანაწერში შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გიორგი დვალიშვილის განცხადების საფუძველზე 2019 წლის 7 ნოემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით. გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. მათ შორის სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოწმე გიორგი დვალიშვილისგან ამოღებულ ვიდეო მასალაზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. საგამოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდეგ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას. ამავე კადრებიდან ირკვევა ის გარემოებაც, რომ კიტა იზორიას მოგვიანებით "ჩარევის" შედეგად ათავისუფლებენ.
აღნიშნული კადრები მათ პოლიციის მაიორმა გიორგი დვალიშვილმა მიაწოდა, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეოში აღბეჭდილი ფაქტის შემდეგ მასზე ზეწოლა დაიწყო.